14/11/2024
14:13
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავის მემკვიდრე დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
მისი თქმით, ბაიდენი ტრამპთან შეხვედრაზე ცდილობდა, აეხსნა თავისი პოზიცია იმის შესახებ, რომ უკრაინის მხარდაჭერის შენარჩუნება, ისევე, როგორც ევროპელი მოკავშირეების გაძლიერება, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია და ხელს უშლის ქვეყნის ახალ ომში ჩათრევას.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ შეერთებული შტატები უკრაინას უწყვეტად უჭერს მხარს, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა სალივანმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძლიერი და სტაბილური ევროპა, რომელიც აგრესორებსა და დიქტატორებს უპირისპირდება, „სასიცოცხლო მნიშვნელობის“ პირობაა იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ შეერთებული შტატების ახალ ომში ჩათრევა, რაც უკვე ორჯერ მოხდა მე-20 საუკუნეში.
სალივანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ბაიდენის მეთაურობით გააგრძელებს ამ არგუმენტების წარდგენას გარდამავალი გუნდისთვის, როგორც საჯაროდ, ისე პირადად.
ამასთან, მისივე თქმით, განიმარტება უკრაინის დახმარების გაგრძელების მნიშვნელობა კონგრესის მიერ დამტკიცებული თანხების ფარგლებში, რადგან მისი დიდი ნაწილი ემსახურება აშშ-ში სამუშაო ადგილებზე ინვესტიციას უკრაინისთვის იარაღის წარმოებისთვის.
0
0