22/12/2022
22:00
პოლიტიკა
„მესიჯი უნდა იყოს გულწრფელი. „შემიწყალე თორემ თავ-ყბას გაგიერთიანებ, არ არის სწორი მესიჯი, „ცუდად მოვიქეცი, შემიწყალეთ“ - სწორი მესიჯია. საზღვარგარეთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ნიშნავს მის გათავისუფლებას“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ორივე მხარე, სახელმწიფო და მიხეილ სააკაშვილი, არასწორი მეთოდებით არის ჩართული საქმეში.
ხვიჩიას განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ საჯაროდ ათქმევინოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გზა.
„პოლიტიკოსმა მიხეილ სააკაშვილმა იმას მიაღწია, რისი მიღწევაც უნდოდა, საზოგადოებამ დაინახა მისი ის კადრი, რისი დანახვაც სააკაშვილისთვის გეგმის ნაწილი იყო. მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრები არიან დაბნეულები და უბრალოდ რომც გინდოდეს, არ იცი რას უნდა უგულშემატკივრო. მესიჯი უნდა იყოს გულწრფელი. „შემიწყალე თორემ თავ-ყბას გაგიერთიანებ, არ არის სწორი მესიჯი, „ცუდად მოვიქეცი, შემიწყალეთ“ - სწორი მესიჯია. საზღვარგარეთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ნიშნავს მის გათავისუფლებას. გათავისუფლება ორნაირად უნდა მიიღო, ან ბრძოლით ან თხოვნით და მონანიებით“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.
ჟურნალისტის კითხვაზე, უშვებს თუ არა სააკაშვილის საკითხით პოლიტიკურ ვაჭრობას ხელისუფლებასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, ოპოზიციონერმა დეპუტატმა უპასუხა:
„აქამდეც უნდა ევაჭრათ, აქამდე რას აკეთებდნენ?! „ქართული ოცნება“ თუ მართლა ღელავდა ევროინტეგრაციასა და 12 პუნქტის შესრულებაზე, მაგიდაზე უნდა დაედო გასაღები მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოსვლის, რაც არ უნდა ძვირი ყოფილიყო ეს ფასი.
ეს ბრძოლა სინამდვილეში არის დაფუძნებული ორი ადამიანის ერთმანეთთან ბრძოლაზე. როგორც კი ამ ორ ადამიანის ბრძოლა რაიმე მიზეზით ერთმანეთთან შეწყდება - ეს ბრძოლა დასრულდება. ჩვენ ახლა ვუყურებთ ორი ადამიანის ჩხუბის კონცერტს, რომელსაც აყოლილია ბევრი ადამიანი. ადამიანებმა უნდა დაინახონ, რომ ეს ბრძოლა მათი მომავლის ხარჯზე ხდება“, - დასძენს ოპოზიციონერი დეპუტატი.
0
0