04/08/2023
10:41
საზოგადოება
გეოლოგები, ჰიდროლოგები უმოკლეს პერიოდში ჩავიდნენ სტიქიის ზონაში და ჩაერთნენ სამუშაოებში. დღესაც მიმდინარეობს სამუშაოები. ექვსი ჯგუფია გასული, - ამის შესახებ გეოლოგმა, ექსპერტმა მერაბ გაფრინდაშვილმა განაცხადა.
„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გეოლოგები, ჰიდროლოგები უმოკლეს პერიოდში ჩავიდნენ სტიქიის ზონაში და ჩაერთნენ სამუშაოებში. დღესაც მიმდინარეობს სამუშაოები. ექვსი ჯგუფია გასული და მიმდინარეობს არა მარტო ვიზუალური დათვალიერება, არამედ ინსტრუმენტალური მონიტორინგი. ვერტმფრენებით ხდება შემოვლა. ჩვენი ინფორმაციით, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სტიქია ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის“, - აცხადებს მერაბ გაფრინდაშვილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა და ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი. დაკავშირება ვერ ხერხდება 35 ადამიანთან.
ამასთან, შსს-ს ცნობით, სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, რომელიც სტიქიის ზონაში სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობს.
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართული.
დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. შემთხვევის ადგილზე ასევე მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.
0
0