
შეიძლება, „ქართულმა ოცნებამ“ გაითვალისწინოს პრეზიდენტის მოწოდება, მაგრამ ოთხეული არ გაითვალისწინებს და თავად არ გაემიჯნება „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ოთხეული არ არის არანაირი სუბიექტი, შესაბამისად, მათი ქმედებები ვერაფერს დააზიანებს.
„ყველასთვის გასაგებია, რომ ეს ოთხეული „ქართული ოცნების“ ნაწილი და „ქართული ოცნების“ ქმედებებია. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ქმედებები აზიანებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, „ქართული ოცნება“ რომ მკაფიოდ გაემიჯნოს ოთხეულს, პარტნიორების თვალში რამეს შეცვლის?“ იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ „ყველაფერი ყველასთვის ისედაც გასაგებია, შესაბამისად, ეს მაქსიმუმ „ქართული ოცნების“ შიდა გასართობი შეიძლება იყოს“.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრა „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზეც და აღნიშნა: „პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა უნდა გაემიჯნონ იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან“.
0
0