
შეერთებული შტატები აპირებს ყურადღებით დააკვირდეს მომავალ არჩევნებს საქართველოში და თუ სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იდევნებიან მმართველი ძალის მიერ, ხმის მიცემის შედეგები „არ შეიძლება ჩაითვალოს სამართლიანად“ - განუცხადა ამერიკის ხმის ქართულ რედაქციას ამერიკის ელჩმა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში მაიკლ კარპენტერმა.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ზოგიერთი ქმედება, რაც უკვე ვნახეთ, იწვევს შეშფოთებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კუთხით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დევნის კუთხით... ასევე მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება, არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების შესაძლო კრიმინალიზაციის, ან უკანონოდ გამოცხადების შესახებ, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიის ნორმებს. ეს არის შეშფოთების მიზეზი. ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან მჭიდრო მონიტორინგს და, რა თქმა უნდა, ადგილზე დამკვირვებლები იქნებიან“ - განაცხადა მან.
მისივე თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების წარუმატებლობა იქნება დაბრკოლება საქართველოს დემოკრატიული ზრდისთვის.
„არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა, ამიტომ ჯერ კიდევ არის შანსი, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. თუმცა, ეს უნდა გაკეთდეს სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმების შეწყვეტით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შევიწროების შეწყვეტით და ადმინისტრაციული ძალის არ გამოყენებით იმ მასშტაბით, რომ აიძულოთ ხალხი ხმა მისცენ (კონკრეტულ კანდიდატს)“, - თქვა კარპენტერმა.
ეუთოში აშშ-ის წარმომადგენელი, ასევე, შეეხო მმართველი პარტიის ლიდერების მიერ გაკეთებულ ანტიდასავლურ განცხადებებს და ანტიდემოკრატიულ ქმედებებს რამდენიმე საკამათო კანონმდებლობაზე, რამაც საქართველოს პარტნიორების კრიტიკა გამოიწვია:
„საქართველოს ტრაექტორია ძალიან გვაღელვებს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებებით, სამოქალაქო საზოგადოების დევნისა და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების სივრცის შემცირებით. ამ ტრაექტორიას საკმაოდ დიდი ხანია ვაკვირდებით და კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ მისი ერთ-ერთი გამოვლინებაა. გულწრფელად რომ ვთქვათ, შეშფოთების მიზეზია მმართველი პარტიის სამომავლო განცხადებებიც. ჩვენ შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის დახმარება, რომელსაც ჩვეულებრივ ვუწევთ საქართველოს მთავრობას. ჩვენ განვახორციელეთ შემაკავებელი პოლიტიკა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების, სამართალდამცავი ორგანოების, კერძო პირებისა და პარლამენტის წევრების მიმართ, რომლებიც ჩართულნი არიან იმ ქმედებებში, რომლებიც არღვევს საქართველოში დემოკრატიულ ნორმებს“ - განაცხადა ელჩმა.
კარპენტერი ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები „განაგრძობს გზების ძიებას, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს შესაბამის ადამიანებს ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე“.
„ჩვენ გვაქვს საჭირო ინსტრუმენტები, რომ ვიმოქმედოთ შესაბამისად, როგორც საქართველოს კონტექსტში, ასევე გლობალურ დონეზე. ჩვენ გავაგრძელებთ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას საჭიროების შემთხვევაში“, - განაცხადა კარპენტერმა.
0
0