14/09/2023
12:15
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში. ამის შესახებ „აქცენტს“ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა განუცხადა.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული ურთიერთობა, საქართველოს ეხმარება, უკეთ მომზადდეს NATO–ში წევრობისთვის.
„შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა. აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული ურთიერთობა ეფუძნებოდა და კვლავაც ეფუძნება თავსებადობის გაძლიერებას და საქართველოს უნარიანობის მხარდაჭერას, შეაკავოს შემდგომი აგრესია და დაიცვას თავისი სუვერენული ტერიტორია, რაც საქართველოს ეხმარება უკეთ მომზადდეს NATO–ში წევრობისთვის.
საქართველო NATO–ს მიერ კლასიფიცირდება როგორც „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი“. ეს არის სპეციალური კატეგორია ალიანსის მხოლოდ ახლო პარტნიორებისთვის, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ NATO–ს ოპერაციებში და ალიანსის სხვა მიზნებში.
ჩვენ ახლახან დავასრულეთ ერთობლივი სამხედრო წვრთნები სახელწოდებით Agile Spirit საქართველოსთან, რომელიც მიზნად ისახავს თავსებადობის, გამჭვირვალობის გაზრდას და საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის გასაძლიერებლად მომზადებას", - განუცხადა „აქცენტს" სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა.
ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წელს საქართველოში ჩამოსულ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე.
აღნიშნულს საქართველოში აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა.
0
0
გმირთა მოედანზე საპროტესტო აქცია დასრულდა
23/11/2024