12/05/2023
15:19
მსოფლიო
თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის თქმით, უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს ოფიციალური პირების მოლაპარაკებების შემდეგ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის ინიციატორები შეთანხმების გახანგრძლივების ვადებზე მსჯელობენ.
„მხარეები მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების ვადების გახანგრძლივებაზე შეთანხმებას უახლოვდებიან", - თქვა ჰულუსი აქარმა.
აქარმა დასძინა, რომ, როგორც მისთვის ცნობილია, მიღწეულია შეთანხმება უკრაინის პორტებში მყოფი 6 თურქული სავაჭრო გემის თურქეთში დაბრუნების შესახებ.
როგორც ცნობილია, ამჟამად მოქმედი შეთანხმება მარტში ორი თვით გახანგრძლივდა და მისი ვადა 18 მაისს იწურება. რუსეთი, თავისი მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტისთვის შექმნილი დაბრკოლებების გამო, შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება. 11 მაისს, რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაეროს მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა სტამბულში შეხვედრა გამართეს, რათა შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ წინადადებები განეხილათ.
როგორც ჩანს, სტამბულში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებები ექსპორტის ვადების გახანგრძლივების შესახებ რუსეთთან შეთანხმების გარეშე დასრულდა.
როგორც გუშინ კრემლმა განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ ვლადიმერ პუტინი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს წინასწარ ესაუბროს შეთანხმების გაგრძელებასთან დაკავშირებით, თუმცა ასეთი გეგმები ჯერჯერობით არ არსებობს.
0
0