სოფელ კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახის წევრებს მმართველი გუნდის ლიდერებმა მიუსამძიმრეს.
სოფელ კირბალში ჩავიდა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, დეპუტატები. ისინი პანაშვიდზე იმყოფებოდნენ და მოკლულის ოჯახს თანადგომა გამოუცხადეს. მათ ოკუპაცია დაგმეს და განაცხადეს, რომ ოკუპაცია საქართველოსთვის მძიმე ტვირთია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, საქართველოს ხელისუფლება მისი იურისდიქციის ფარგლებში გააკეთებს მაქსიმუმს, დამნაშავეების დასასჯელად და უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილის გასათავისუფლებლად.
სოფელ კირბალში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება. უკვე დაიკითხა თამაზ პაპიტაშვილი, რომელმაც 6 ნოემბერს გინტური სასტიკ მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე ნახა. მან დღეს მედიასთან მკვლელობამდე განვითარებული მოვლენები გაიხსენა. თამაზ გინტურს შაბათს სოფელ კირბალში, სწორედ იმ სასაფლაოზე დაკრძალავენ, რომლის ნაწილიც ოკუპირებულია. ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება 35 წლის ლევან დოთიაშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.
0
0