04/10/2025
10:13

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საარჩევნო უბანზე მივიდა. შალვა პაპუაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
მისი თქმით, დღეს არის დემოკრატიული არჩევნების დღე და ყველა მოქალაქის მოვალეობაა, მივიდეს საარჩევნო უბანზე და საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არის უალტერნატივო და ამას ყველა კვლევა ადასტურებს.
"დღეს დემოკრატიული არჩევნების დღეა, ყველა მოქალაქის მოქალაქეობრივი მოვალეობაა, რომ გააკეთოს საკუთარი არჩევანი. ჩვენ ვირჩევთ ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩვენს წარმომადგენლებს.
ყველა კვლევის თანახმად, მუნიციპალურ ორგანოებს აქვთ ყველაზე დიდი ნდობა ჩვენს მოსახლეობაში, ვინაიდან ჩვენი მერები და საკრებულოს წევრები – არიან ის ადამიანები, რომლებიც უშუალო კონტაქტზე არიან მოსახლეობასთან, იციან მათი ყველა წუხილი, მათი ყველა სიხარული.
ასე რომ, დღეს არის შესაძლებლობა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში ჩვენმა მოქალაქეებმა საკუთარი წარმომადგენლები აირჩიონ. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს იქნება წარმატებული დემოკრატიული არჩევნების დღე – დღევანდელი დღით შეიკვრება საარჩევნო ციკლი, რომელიც გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.
შარშან ჩვენ ავირჩიეთ პარლამენტი და პრეზიდენტი, ახლა ვირჩევთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. ამით არჩევითი ორგანოები სრულად დაკომპლექტდება და 2028 წლამდე საქართველოს ექნება შესაძლებლობა, რომ ხალხის მანდატის მქონე სახელმწიფო ინსტიტუციებით იმუშაოს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის ზრდაზე", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0