
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს გენერალური აუდიტორი გიორგი გაბიტაშვილი წარუდგინა.
„საქართველოს პარლამენტმა გიორგი გაბიტაშვილი დღეს გენერალურ აუდიტორად აირჩია. როგორც ყოფილი გენერალური პროკურორი, ის თქვენი სამსახურისთვის უცხო არ არის. აუდიტის სამსახურის მუშაობის შედეგი, რიგ შემთხვევებში, შეიძლება, აღმოჩნდეს პროკურატურის ინტერესის სფეროში. არაერთი საქმე ყოფილა, რომელიც თქვენი სამსახურის მიერ გამოვლენილა და შემდეგ უკვე პროკურატურიდან ყოფილა ამაზე რეაგირება.
მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური იყოს არა მაკონტროლებელ-სადამსჯელო ორგანიზაცია, არამედ პირველ ყოვლისა, ინსტიტუცია, რომელიც რეკომენდაციებს აძლევს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებას, როგორ შეიძლება, სწორად და ეფექტიანად იყოს აწყობილი ხარჯვის სისტემები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, გიორგი გაბიტაშვილის პროფესიული გამოცდილება აუდიტის სამსახურს წარმატებულ საქმიანობაში დაეხმარება.
„დარწმუნებული ვარ, გიორგი გაბიტაშვილის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ექნება შესაძლებლობა, კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს. პარლამენტის და მთავრობის მოლოდინიც ეს არის, რომ სწრაფ რეჟიმში გვქონდეს შესაძლებლობა, თვალყური ვადევნოთ საჯარო სახსრების ხარჯვის ეფექტიანობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მანვე მადლობა გადაუხადა ყოფილ გენერალურ აუდიტორს ცოტნე ყავლაშვილს და აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტისთვის განსაკუთრებული ღირებულება აქვს იმ დასკვნებს, რომელიც აუდიტის სამსახურიდან საკანონმდებლო ორგანოში იგზავნება.
„აუდიტის სამსახურის დასკვნები საშუალებას გვაძლევს, ვაკონტროლოთ, რამდენად კანონიერად იხარჯება საჯარო თანხები. ამ მხრივ, აუდიტის სამსახურის პროფესიონალ გუნდს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ აუდიტის სამსახურის ყველა თანამშრომელს იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ეწევით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საკანონმდებლო ორგანო, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, გენერალურ აუდიტორს ხუთი წლის ვადით ირჩევს.
0
0