05/06/2025
09:55

ყველა საკადრო გადაადგილებას, თუ ცვლილებას კონკრეტული მიზეზი აქვს და ყოველი კონკრეტული მიზეზი განმარტებული იქნა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.
„მათ შორის, ბოლო საკითხი რაც იყო და, რაზეც დღეს მეც მქონდა ბრიფინგი, ეხებოდა გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილებას, რომ ის დაბრუნებულიყო ფინანსთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის რანგში, სადაც ის წლები მინისტრის მოადგილედ მუშაობდა და ზოგადად, ფინანსთა სამინისტროში აქვს მთლიანად კარიერა გავლილი და რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება იყო მისაღები გენერალური აუდიტორის კანდიდატურასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ შეირჩა მაგალითად, გაბიტაშვილის კანდიდატურა, რადგან გაჩნდა კითხვები, რომ ის თან დასანქცირებულია, რაზეც პაპუაშვილმა უპასუხა „ვინმეს თვალში ეპატარავება გენერალური აუდიტორი? სიმართლე გითხრათ, იცით, რა არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი და ეს რაღაც ღია საიდუმლოებაა, რომ ოპოზიციას სინამდვილეში რომ უნდოდეს რეალური კრიტიკა ხელისუფლების მათ შორის, აუდიტის სამსახური არის ყველაზე კარგი მოკავშირე მათთვის. აუდიტის სამსახურის დასკვნები, რომელიც პარლამენტში იგზავნება, მილიონი საკითხია და ზუსტად აუდიტის სამსახურია ის კონსტიტუციური ორგანო, რომელიც უყურებს სისტემას, არა როგორც ინკვიზიტორი, რომ მივიდეს და ვინმე დაიჭიროს, არამედ უყურებს, როგორც რეკომენდატორი, რომელიც სწავლობს, როგორ არის აწყობილი ამა თუ იმ უწყების მენეჯმენტი მათ შორის, ეფექტიანობის მხრივ, როგორ იხარჯება თანხები, ეფექტურად, კანონიერად და ა.შ. ამ სისტემის გამოსწორების გზებს აჩვენებს თავად ორგანიზაციასაც, პარლამენტსაც და მთავრობასაც. ჩვენ განვაცხადეთ და მათ შორის, პრემიერის ბოლოდროინდელი სხვადასხვა გადაწყვეტილებაც ამას აჩვენებს, რომ ჩვენ გვსურს საჯარო მმართველობის ეფექტიანობის გაზრდა, მათ შორის ფინანსური ეფექტიანობის გაზრდა. ამას ზოგიერთი საკანონმდებლო ცვლილებაც ემსახურება, რომელიც უკვე მივიღეთ და ახლა მიღების პროცესშია, სხვადასხვა გადაწყვეტილება მთავრობის მხრიდან და გარდა საჯარო სახსრების ეფექტიანი ხარჯვისა, მათ შორის არის ჩვენი მიზანი, რომ ლიდერი პოზიცია, რომელიც ჩვენ გვაქვს კორუფციისგან თავისუფლების სახით, ეს შედეგები გაუმჯობესდეს იმ მხრივ, რომ თუკი ახლა ვართ რეგიონში პირველ ადგილზე, ვუსწრებთ ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას და კანდიდატებს, ყველას ვუსწრებთ აბსოლუტურად დღემდე, აი, რომ გამოდიან ევროკომისრები და რატომღაც გვიწუნებენ ჩვენს ქვეყანას, სინამდვილეში, ყველა კანდიდატს ვჯობნით დღესაც და გვინდა, ვიყოთ საუკეთესო სამეულში. ამისთვის მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური ზუსტად ასე იყოს მომართული, რომ ეფექტიანად იყოს აწყობილი საჯარო მმართველობა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იყოს არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების ინსტრუმენტებით, არამედ სისტემა ისეთი იყოს, რომ კორუფციისთვის არ დატოვოს სხვადასხვა ხვრელი, თუ შესაძლებლობა. ამ მხრივ, გენერალური პროკურორი და მისი საპროკურორო გამოცდილება მათ შორის, გარდა ამისა, მას გააჩნია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში მუშაობის გამოცდილება და რა თქმა უნდა, ამ მხრივ არის ძალიან ძლიერი კანდიდატურა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რას უკავშირდება საკადრო ცვლილებები, რადგან თანამდებობა დატოვა რამდენიმე მინისტრმა, წავიდა სუს-ის უფროსი, შეიცვალა შინაგან საქმეთა მინისტრი, მანამდე შეიცვალა ინფრასტრუქტურისა და იუსტიციის მინისტრები, დღეს კი გენერალური პროკურორის პოსტიც ვაკანტური ხდება, რადგან ასარჩევია ახალი გენპროკურორი, რასაც ხელისუფლების ოპონენტები სხვადასხვა ვერსიით ხსნიან, რომ მმართველი გუნდიდან უშვებენ ადამიანებს, რომლებიც დასავლეთიდან არიან დასანქცირებული, რომ ახლა ირაკლი კობახიძის კადრებით ძლიერდება მინისტრთა კაბინეტი და ა.შ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ზოგი გადაადგილება იყო, ზოგი კი იყო პირადი გადაწყვეტილება და ეს ყველაფერი საჯაროდ ითქვა, სად იყო პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, სად იყო გათავისუფლება და ეს ყველაფერი საზოგადოების თვალწინ, საჯაროდ ხდება.
შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, ეს უკავშირდებოდეს პრემიერის შეცვლასაც, რადგან ბოლო ერთ წელზე მეტია, ქვეყანას ახალი პრემიერი ჰყავს, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძემ იმ მომენტიდან, როდესაც ის პრემიერ-მინისტრი გახდა, მთავარი პრიორიტეტები გამოაცხადა და მაშინვე ითქვა პრიორიტეტის შესახებ, რომელიც ეხება საჯარო მმართველობის ეფექტიანობას, კორუფციასთან ბრძოლის მხრივ კიდევ უფრო კარგი შედეგების ქონას და მთლიანად საჯარო მმართველობის სისტემის დონეზე გამართვას.
„რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო პროცესში გარკვეული მოქმედებები უფრო შენელებულია ხოლმე. შემდეგ ვნახეთ, რომ აქ რუსთაველზე ზოგიერთმა ომის იმიტაციის მოწყობა გადაწყვიტა და ასეთი ტურბულენტობები. ახლა არის შესაძლებლობა, რომ კვლავ დავუბრუნდეთ ჩვეულ რეჟიმს და ზუსტად იმ მიზნებს მივაღწიოთ, რასაც ხალხს დავპირდით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეკითხვაზე, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ წინა მინისტრების პირობებში ამოცანები არ იყო კარგად შესრულებული, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილებას თავისი მიზეზი აქვს.
„ზოგი იყო პირადი გადაწყვეტილება, მათ შორის,შს მინისტრმა განმარტა საკუთარი გადაწყვეტილება და სხვათა შორის, ცალსახადაც ითქვა, რომ თუკი იქნება აღმასრულებელ ხელისუფლებაში მისი დაბრუნების საჭიროება, ის მზად არის და რა თქმა უნდა, ჩვენც მზად ვართ. ასე რომ, ყველა ამ გადაწყვეტილებას თავისი მიზეზი აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ახლა ვაკეთებთ იმას, რასაც ხალხს დავპირდით. ამას უნდა დაუფიქრდეს საზოგადოებაც და მედიაც, რომ ჩვენ მივყვებით ჩვენს წინასაარჩევნო დაპირებებს. დავპირდით საგამოძიებო კომისიას და გასამართლებას, ამას ვაკეთებთ, დავპირდით უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას და მივიღეთ კანონები; ჩვენმა მოქალაქეებმა მანდატით დაადასტურეს არჩევნებში, რომ ამ კანონს უჭერენ მხარს. ჩვენ დავპირდით, რომ საჯარო მმართველობის ეფექტიანობას გავზრდიდით და ამას ვაკეთებთ. ეს ყველაფერი არის იმ მანდატის შესრულება, რომელიც ჩვენ მოგვანიჭეს ჩვენმა მოქალაქეებმა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0