
ევროკომისიის ანგარიში ბრიუსელის აბსოლუტურ ფარისევლობას აჩვენებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ევროკომისიამ, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, გაფართოების შესახებ შეფასების დოკუმენტიდან კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე შეფასებები ამოიღო.
„ანგარიშში, რომელიც შეეხება ყველა იმ ქვეყანას, სადაც არის უვიზო მიმოსვლა, ასეთი არის 60 ქვეყანაზე მეტი, ცალკე თავად არის გამოყოფილი კორუფციის საკითხები, ადამიანის უფლებების საკითხები. ყველა ქვეყანაზეა და რატომღაც უკრაინასა და მოლდოვაზე ეს თავები ამოღებულია, იმ ორ ქვეყანასთან, რომელშიც ეს პრობლემა განსაკუთრებით ჩანს. შეგახსენებთ, უკრაინაში კორუფციულ სკანდალებს. ეს მხილებები, რაც ბოლო პერიოდში იყო, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირები ჩართული იყვნენ კორუფციაში, მოხდა არა უკრაინის შიდა მოკვლევებით, არამედ იყო გარედან ჩარევით, უცხოელები ჩხრეკებსა და გამოძიებაში მონაწილეობას იღებენ. ასე რომ, უკრაინას არავინ აღარ ეკითხება, ვინ დაუჭერენ, ვის არ დაუჭერენ, რა საქმეს გახსნიან და ა.შ. კორუფციის მხრივ, მოლდოვა სად დგას ყველა რეიტინგში, ყველამ კარგად იცის.
ადამიანის უფლებებს რაც შეეხება, ორივე ქვეყანაში ტელევიზიები დახურეს, რომელიც მათ არ მოსწონდათ. პროევროპულობა დღეს გულისხმობს, რომ ვინმეს მოცილება თუ გინდა, დაუძახე რუსი და მერე მოკალი თუ გინდა ის ადამიანი. ეს არის დღეს ევროპული ღირებულებები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0