
„ნაციონალურ მოძრაობას“ რა დამოკიდებულებაც აქვს ქართული ეკლესიის მიმართ, ამას წლებია, ვაკვირდებით. ხელისუფლებაში იყვნენ თუ ოპოზიციაში, ვხედავდით, გაშავების რა კამპანია ჰქონდათ პირდაპირ, პერსონალურად პატრიარქის, მოსაყდრის, ცალკეული მეუფეების, ეკლესიის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს ჟურნალისტებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.
„ვიცით, როგორი არის მათი დამოკიდებულება და მტრული პოლიტიკა. ამის ყველაზე დიდი დასტურია ის, რაც ხდებოდა გვარამიას ტელევიზიაში, რაც ხდება დღეს მათ სხვადასხვა ტელევიზიაში. ამიტომ, ასეთი საუბარი მხოლოდ ერთ მეთოდს გვახსენებს, ეს არის ჩახუტებით დახრჩობა – ვითომ სიახლოვე გამოიჩინონ და სინამდვილეში, უმტრონ ქართულ ეკლესიას. ამას თუ აპირებენ, არ ვიცი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა: „სამწუხაროდ, ჩვენ ერთობლივი მესიჯის პრობლემაც გვაქვს. არ ვცდილობთ, მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ არ ვართ უღმერთოები და ურწმუნოები, არ ვცდილობთ, ამ მოედანზე შევიდეთ“.
0
0