
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც გამოთქმულია წუხილი იმის გამო, რომ არჩევნებს ეუთო/ოდირი არ დააკვირდება.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ისტორიას არ ახსოვს, რომ შვედეთში თვითმმართველობის არჩევნებს ეუთო/ოდირი დაჰკვირვებოდა.
„გუშინ ვნახე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ წუხან, რომ დაკვირვებას ვერ შეძლებს ეუთო. მოსახლეობას ვეტყვი, რომ შვედეთს არც ერთხელ არ მოუწვევია ადგილობრივ არჩევნებზე ეუთო/ოდირი დასაკვირვებლად. ისტორიაში არც ერთხელ. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია არ არის სხვა ქვეყნის არჩევნები, საქართველოში არჩევნებს ვინ დააკვირდება და ვინ არა. შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი ერიკ ოტოსონი 2024 წლის არჩევნების შემდეგ იდგა აქ ანტისამთავრობო მიტინგზე და მოუწოდებდა ოპოზიციას „მაიდნისკენ“. დღემდე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გამიჯვნია ამ მოწოდებას ძალადობრივი დამხობისკენ. ამიტომ რა თქმა უნდა ეს არის ფარისევლობა ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეუთო/ოდირი თვითმმართველობის არჩევნებს არ დააკვირდება, ოფიციალურ მიზეზად კი ვადები დასახელდა. პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სადამკვირვებლო მისია მოიწვია, იმედი გამოთქვა, რომ მრავალჯერადი შეურაცხყოფისა და ზეწოლის მიუხედავად, ეუთო/ოდირი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისგან თავს არ შეიკავებდა.
0
0