
გრანტების საკითხში მთავარი პრინციპია, რომ საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ. ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს იგივეა, სხვის ოჯახში ფეხით კარი შემოაღო და დაიწყო ავეჯის გადაადგილებაზე საუბარი.
„ქართველი ხალხის თანხმობის გარეშე ვინ ეკითხება აქ პოლიტიკის დაფინანსება. ჰკითხონ ქართველ ხალხს, არის თუ არა ეს მისთვის სასიკეთო თუ არა. არასასიკეთო საკითხები რომ ფინანსდება, ამის კარგი მაგალითია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის კამპანია. ამაში ევროკავშირი რომ ფულს დახარჯავს, რომ ადამიანის ცოცხლად დაწვა კარგ საქციელად გამოაცხადოს, ამის რეკლამირება მოახდინოს, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ იქ იქნება რაიმე ღირებულებებზე დაფუძნებული და საქართველოსთვის რაიმე სასიკეთოდ გაკეთებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ აღიარა, რომ უცხოური დაფინანსება და გრანტები გამოიყენებოდა სხვა ქვეყნებზე პოლიტიკური კონტროლის მოსაპოვებლად, პოლიტიკური გავლენების ბერკეტების შესაქმნელად.
„ჩვენ ვხედავთ და ეს აღიარა ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ, რომელმაც, მათ შორის, ის სისტემა ამხილა, რომელიც ამერიკაში მანამდე არსებობდა, რომ უცხოური დაფინანსება და გრანტები გამოიყენებოდა სხვა ქვეყნებზე პოლიტიკური კონტროლის მოსაპოვებლად, პოლიტიკური გავლენების ბერკეტების შესაქმნელად. ამიტომ დახურეს „იუესეიდი“, შეაჩერეს უცხოური დაფინანსება, შეწყვიტეს „რადიო თავისუფლების“ პროპაგანდის დაფინანსება, შეწყვიტეს „ამერიკის ხმის“ დაფინანსება. აღიარებულია, რომ ეს ფული, მათ შორის, იხარჯებოდა პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად ქართველ ხალხზე, საზოგადოებაზე თუ საქართველოს ხელისუფლებაზე. ჩვენ ამ მოცემულობას თუ მივიღებთ, რომ ეს ორგანიზაციები გამოიყენება პოლიტიკური გავლენების მოსაპოვებლად, მათი დამფინანსებლების გავლენების გასატარებლად, ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ არ იყოს მბრუნავი კარის პრინციპი, როდესაც ხან „ენჯეოში“ არიან, შემდეგ პარტიები ხდებიან და ცდილობენ, ხელისუფლებაში მოიყვანონ. ამისთვის აიღონ ე.წ. გაგრილების პერიოდი, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს. მაგალითად, როდესაც პოლიტიკაში ან საჯარო სექტორში არის ადამიანი დასაქმებული, იმისთვის, რომ, მაგალითად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში დაიწყოს მუშაობა, სჭირდება, თუ არ ვცდები, ორწლიანი პაუზა. ე.წ. გაგრილების პერიოდი, როდესაც არის რისკი, რომ ახალ პოზიციაზე წინა სამსახურის ინტერესების გატარებას ექნება ადგილი. ამის ყველაზე კარგი მაგალითია სერგი კაპანაძე. ადამიანი, რომელიც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წამების რეჟიმის ერთ-ერთი ლიდერი. მას შემდეგ, რაც 2012 წლის არჩევნებში დამარცხდა, გადაკეთდა „ენჯეოდ“ და მას წარმოგვიდგენდნენ როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ჰყავდათ ჩართული ყველაფერში, დააყარეს მილიონები. იქ, სადაც იყო ხელისუფლება და ოპოზიცია სერგი კაპანაძეს სვამდნენ, როგორც ვითომ ნეიტრალურ ადამიანს. არადა საზოგადოებას თვალებში ნაცარს აყრიდნენ. 2016-ში ის კვლავ პოლიტიკაში მობრუნდა, გახდა პარლამენტის წევრი და პოლიტიკოსი. 2020-ში ისევ გადაბარგდა „ენჯეო“ სექტორში და კვლავ გახდა არასამთავრობო ორგანიზაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თავად არასდროს ყოფილა „ენჯეო“ სექტორში.
„ენჯეოში“ მე არ ვყოფილვარ, არც ირაკლი კობახიძე არ ყოფილა „ენჯეოში“. ფაქტია, ხდება გრანტის ფულის გამოყენება საქართველოზე მავნე ზემოქმედებისთვის, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ. ჩვენ ვნახეთ 2022 წლის ივნისში „ენჯეოები“ როგორ დააყენეს პარლამენტის წინ და ცდილობდნენ ხელისუფლების დამხობას და მაშინ გახსოვთ რა მოითხოვეს „ენჯეოებმა“? პარლამენტმა გადააყენოს მთავრობა და შეიქმნას მთავრობა, სადაც ერთი მესამედი იქნება ხელისუფლება, ერთი მესამედი ოპოზიცია და ერთი მესამედი „ენჯეოები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0