
უპირველეს ყოვლისა, ეს არის თვითლუსტრაცია, რატომ ითრევდნენ საქართველოს ომში, ისინი აქედან ეძებდნენ ფინანსურ სარგებელს. ზოგადად საუბარი იმაზე, რომ რაიმე თანხა შეიძლება, იყოს საპირწონე ქალაქების ნგრევისა, ადამიანების სიკვდილისა, ეს უკვე აჩვენებს, რა მორალური დეგრადირების დონეზე არიან დასული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება მის აღდგენაში, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან, მთელი ევროპა იქნება მშენებლობით და ფულის კეთებით დაკავებული“.
შალვა პაპუაშვილის თქმით, „ეს ის ხალხია, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ სწორედ ამგვარად მიღებულ თანხებზე პარაზიტირებდა და როგორც ჩანს, სწორედ ასეთი პარაზიტური მიდგომები აქვთ ზოგადად საკუთარი ქვეყნის ინტერესების მიმართ“.
„რაც შეეხება თანხებს, სხვათა შორის, მაშინაც თუკი რაიმე თანხები იყო, იყო ძირითადად სესხები, რაში დაიხარჯა, ან რაში გაიფლანგა ეს თანხა, კიდევ სხვა საკითხია. ასე რომ, დიდად ნუ ამადლიან ნურავის ამ თანხებს. დღესაც უკრაინას ეხმარებიან სესხებით. თქვენ იცით, რომ დღეს რასაც უკრაინას აძლევენ, არაფერი არ არის ნაჩუქარი. ეს ყველაფერი არის სესხი, რომელიც მძიმე ტვირთად დააწვება უკრაინელ ხალხს და თუკი მომავალშიც რაიმე თანხას მისცემენ, ესეც იქნება სესხი, აქ უანგაროდ არავინ არავის გვერდში არ უდგას.
რაც შეეხება თანხებს, ეს ყველაფერი არის სესხი, რომელიც მძიმე ტვირთად დააწვება უკრაინას, იმ ნგრევის და ომის გარდა, რომელსაც უკრაინა განიცდის ომისგან და რომელშიც უნდოდათ სწორედ აი ამ შიდაპოლიტიკურ ჯგუფებს, საქართველო შეეთრიათ, ნგრევის გარდა, საქართველოს შემდეგ დაწოლოდა სხვა მძიმე ტვირთი სხვადასხვა სესხის სახით, რომელზეც მათ სურთ, ხელი მოითბონ და ისარგებლონ.
კიდევ ერთხელ, ეს აჩვენებს, რომ მათი გზავნილია – მოგვიყვანეთ ხელისუფლებაში და ჩვენს ქვეყანას შევათრევთ ომში, შემდეგ გვექნება თანხების საერთო სალარო, რომელიც მათი სარგებლისთვის ერთმანეთში უნდა გაინაწილონ. საბოლოო ჯამში, როგორც 2008 წლის შემდეგ, სხვადასხვა თანხა თუ შემოდიოდა, საქართველოს დააწვა ტვირთად, სესხებად, პროცენტებად და გადასახდელი გაუხდა შემდეგ ქართველ ხალხს, ასეთ კაბალურ ვითარებაში უნდოდათ, შეეყვანათ ჩვენი ქვეყანა. კიდევ ერთხელ, ომი, ეს არის ნგრევა და დაპირებული თანხები არის კაბალურ მდგომარეობაში შეყვანა ქვეყნისა, რომელიც დანგრეულიც იქნება და ფინანსურად კაბალურ ვითარებაში დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0