
ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ინტერესებით, რაც იქნება კარგი ჩვენი ხალხისთვის, ზუსტად ისე იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება ქვეყანას დააკარგვინებს შეღავათიან სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, არ უყურებს, ვინ რას ამბობს და როგორ აფასებს.
„საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და არ უყურებს, ვინ რას ამბობს და როგორ აფასებს. ჩვენი 35-წლიანი დამოუკიდებლობის პირობებში შეჩვეულები ვართ, რომ ის, ვინც აჰყოლია სხვის შეფასებებს, საქართველოსთვის კარგი შედეგი არ მოუტანია. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში სწორედ იმის გამო, რომ არ არის აყოლილი სხვების განცხადებებს და უსმენს ქართველ ხალხს, გვაქვს 14-წლიანი მშვიდობის უწყვეტი პერიოდი და ეკონომიკური აღმავლობის განსაკუთრებული პერიოდი. რამდენიმეწლიან მონაკვეთში ჩვენი ეკონომიკის სწრაფი ზრდა შევძელით და ვართ ლიდერები მსოფლიოში.
რაც შეეხება ვაჭრობას, არ ვიცი, როგორც ვხვდები რუსეთი ძალიან კარგად ვაჭრობს ევროკავშირთან, რუსეთს ამის სურვილი აქვს. ნახსენები იყო ალკოჰოლური სასმელები, ღვინო და ა.შ. შეგახსენებთ, რომ თუკი ვინმესთან არის რუსეთი არამეგობრულ ურთიერთობაში, ეს ბალტიის ქვეყნებია. შეგახსენებთ, რომ ლიეტუვა იყო ლიდერი, საქართველოს უსწრებდა ღვინის ექსპორტით და შესაბამისად, რუსეთში იმპორტით. ასე რომ, არ ვიცი, განცხადების შინაარსი, რას გულისხმობს, თუმცა ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ინტერესებით და ის, რაც იქნება კარგი ჩვენი ხალხისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0