
რეზოლუციებს საქართველოში ხუთწუთიანი ეფექტი აქვს, ვნახავთ, ჯერ ჩავისუნთქავთ, შემდეგ ამოვიოხრებთ და მივხვდებით, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთ სასწაულ სისულელეს ისმენს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს შესახებ რეზოლუცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ინიცირებული იყო „ევროპის სახალხო“ პარტიის მიერ, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მფარველი ჯგუფია.
„რეზოლუცია ინიცირებული იყო „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მფარველი ჯგუფია. რამდენიმე დღის წინ მათ შეკრებაზე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები გამოდიოდნენ. ის პარტია, რომელიც საქართველოში დამხობასა და ძალადობას აანონსებს, თავის წევრად ჰყავთ, ხელს ართმევენ და მათთან სალონური ურთიერთობა აქვთ. ეს იმას ადასტურებს, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ ღირებულებებისგან დაცლილი პოლიტიკური მიზნების მქონე ორგანიზაციაა. რაც შეეხება რეზოლუციას, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას 612 წევრი ჰყავს და დოკუმენტს მხარი 65-მა მხარი დაუჭირა. წარმოიდგინეთ, საქართველოს პარლამენტი კანონებს 15 დეპუტატით რომ იღებდეს. ეს აჩვენებს, რამხელა აბსურდია და რეზოლუციებს როგორი დაბალი მხარდაჭერა აქვს. რეზოლუციები ასეთი სახით რომ მიიღება, ეს ცალკე სკანდალია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოზე ოთხი რეზოლუცია აქვს მიღებული და არცერთში არაა ნახსენები 7 ნოემბერის ან 26 მაისის მოვლენები.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სულ ოთხი რეზოლუცია აქვს მიღებული – 2007-2011 წლებში, როცა „ნაცმოძრაობა“ იყო. ამ რეზოლუციებში არაფერია ნახსენები არც 7 ნოემბერზე, არც 26 მაისზე, არც პატიმრების წამებაზე, არც ქონების ჩამორთმევაზე. იმ ყველაფერზე, რაზეც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მტკიცებულებებით აქვს მიღებული. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას „ნაციონალური მოძრაობის“ ჩადენილ ძალადობასა და დანაშაულებზე არასოდეს სიტყვა არ დაუძრავს. წინა რეზოლუციაში „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინ გაახსენდათ, როცა მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური პატიმარი უწოდეს და ახლა, როცა ქართველ ხალხს ამ რეზოლუციით თავს დაესხნენ. ეს ყველაფერი სამწუხარო მდგომარეობაა. არ დაგვავიწყდეს, რომ PACE რაღაც ცალკე სტრუქტურა არ არის, იქ სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლები არიან. ასეთ პარლამენტარებს კიდევ სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებში ვხედავთ, როგორ ანტიქართულ პოლიტიკას ატარებენ. მთელი საკითხიც ის არის, რომ ყველას თვალში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია იმდენად გაუფასურდა, რომ კენჭისყრაზე 612 წევრიდან 65 წევრი მივიდა და მონაწილეობა მიიღო – რეზოლუციებს იმის ღირსადაც არ თვლიან, რომ კენჭისყრაზე მივიდნენ და მასში მონაწილეობა მიიღონ. საქართველოში ამ რეზოლუციებს ხუთწუთიანი ეფექტი აქვს – ამ რეზოლუციას რომ ვნახავთ ხოლმე, ჯერ ჩავისუნთქავთ, შემდეგ ამოვიოხრებთ, როცა მივხვდებით, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთ სასწაულ სისულელეს ისმენს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0