
საქსტატის სტატისტიკას როცა ვხედავთ, უნდა დავფიქრდეთ, რამდენად სწორად და გააზრებულად მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონში არსებული პრობლემების ფონზე, ასევე იმ თავდასხმების ფონზე, რომელსაც ყოველდღიურად განიცდის ქართველი ხალხი ბრიუსელიდან თუ სხვა დედაქალაქებიდან, საქართველო ლიდერია ეკონომიკური განვითარების ტემპებით.
„ახლა წარმოიდგინეთ, ელჩების ყოველდღიური თავდასხმები რომ არ იყოს, არ ყოფილიყო „მეხუთე კოლონის“ დაფინანსება, რომელიც ძირს უთხრის ქვეყნის უსაფრთხოებასაც და ეკონომიკურ სტაბილურობასაც. მათ დაფინანსებულ „მეხუთე კოლონას“ „ნამახვანჰესი“ რომ არ ჩაეშალა, ვალები არ გვქონოდა გადასახდელი და ჰესის მშენებლობა ყოფილიყო, რომელიც დამატებითი ეკონომიკური სარგებელი იქნებოდა. ასევე, „მეხუთე კოლონა“ ტურისტულ გემს რომ არ დახვედროდა ბათუმში და უკან არ გაებრუნებინა იმიტომ, რომ ფული გადაუხადეს, ასე გააკეთეო. ფული იმ ხალხმა გადაუხადა ჩვენი ეკონომიკური ზრდის რომ შურს და თვითონ რომ პრობლემები აქვთ. დავფიქრდეთ, რამხელა ზრდა გვექნებოდა და რამდენად მეტი იქნებოდა, რომ არა ეს მავნებლობა, რომელიც ბრიუსელის მხრიდან უკვე რამდენი ხანია, გრძელდება, მათ შორის ამ მიზნით, რომ ჩვენს ეკონომიკას ზიანი მიადგეს. ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას სწორი ეკონომიკური პოლიტიკა აქვს და მნიშვნელოვანია საქართველოს კონსოლიდირება „მეხუთე კოლონისთვის“ პასუხის გასაცემად, რომელიც ცდილობს, გარედან კარნახით საქართველოს ეკონომიკური განვითარება დააზიანოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0