
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო კანონსაწინააღმდეგო აქციაში, გზის გადაკეტვაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ეუთო-ს თავმჯდომარეობის ფარგლებში საქართველოში ვიზიტი რადიკალური ჯგუფებისთვის მხარდასაჭერად იქნა გამოყენებული.
„მინდა, გამოვეხმაურო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის გუშინდელ საქციელს, როდესაც მან მონაწილეობა მიიღო კანონსაწინააღმდეგო აქციაში, გზის გადაკეტვაში. ამას ყველა ხედავდა, მათ შორის პირდაპირ ეთერში თუ ფოტოებში. ასევე მის განცხადებებში მოვისმინეთ ცრუ ნარატივების დამკვიდრების მცდელობა. ყველამ ვნახეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება, მთავრობის პოზიციაა, რომ გაუქმდა მასთან დაგეგმილი შეხვედრა. ზუსტად ეს არის, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ხდება, მათ შორის საერთაშორისო ინსტიტუტების ინსტრუმენტალიზაცია და იარაღად გამოყენება ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ეუთო-ს თავმჯდომარეობის ფარგლებში იყო ვიზიტით ჩამოსული. ეს ვიზიტი მისი მხრიდან გამოყენებული იქნა, რათა მხარი დაეჭირა რადიკალური ჯგუფებისთვის. ასევე პირდაპირ და უხეშად დაერღვია საქართველოს კანონმდებლობა. ამით დაარღვია ვენის კონვენციის 41-ე მუხლი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საოკუპაციო ხაზთან, ოძისში ჩასვლას გამოეხმაურა.
„დღეს დილით ქალბატონი მინისტრი იმყოფებოდა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან. როგორც გუშინდელ განცხადებებში, დღესაც ამ ნაბიჯით უნდა აჩვენოს სუვერენიტეტის პატივისცემა, თუმცა რა ფასი აქვს ოძისში სუვერენიტეტის მხარდაჭერის განცხადებას, როდესაც სუვერენიტეტს თავად არღვევ რუსთაველის გამზირზე.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ კარგად დაინახოს, გაანალიზოს ასეთი საქციელი, რაც უპირველესად ყოვლისა, ეუთო-ს, როგორც ორგანიზაციას ურტყამს. სამწუხარო ტენდენციებს ვხედავთ, რომელიც აჩვენებს, რომ საუბარი როდესაც არის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგზე, ზოგიერთის მხრიდან ეს მოსჩანს, როგორც ცარიელი სიტყვები, რომელიც მხოლოდ საბაბად შეიძლება გამოიყენოს სხვებთან სასაუბროდ. თავად არ აცნობიერებენ და იზიარებენ, რას ნიშნავს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პატივისცემა, უპირველესად ყოვლისა, ვენის კონვენციის პატივისცემა, რომელიც გუშინ ასე უხეშად დაარღვია ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და მისმა ელჩმაც, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0