
საკონსტიტუციო სარჩელი არის არამხოლოდ დაპირება, არამედ - მანდატი, რომელიც ჩვენ მივიღეთ შარშან საპარლამენტო არჩევნების დროს. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი დაპირება ამომრჩევლის მიმართ და ამ დაპირებით მივიღეთ მილიონ 120 000 ამომრჩევლის მანდატი. ასე რომ ამ საკონსტიტუციო სარჩელის უკან დგას მილიონ 120 000 საქართველოს მოქალაქე, რომელიც ითხოვს ამ სარჩელის შეტანას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში სტუმრობისას, რითაც „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს გამოეხმაურა, რომელიც პარტიების აკრძალვას გულისხმობს.
შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში საკონსტიტუციო სარჩელის მიზანი განმარტა.
„რა არის მიზანი - ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც ქართულ დემოკრატიას ძირს უთხრიან. ზოგადად, ნებისმიერ დემოკრატიას, იმისთვის, რომ ვითარდებოდეს, უნდა ჰქონდეს თავდაცვისუნარიანობა. ეს არის კონცეფცია თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის. არ უნდა მისცე დემოკრატიის მტრებს შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას, მათ შორის, პარტიული ინსტრუმენტების გამოყენებით.
პარტია, რომელიც პროპაგანდას უწევს ომს, რომელიც ტერიტორიას კარგავს, რომელიც აღვივებს შუღლს და ა.შ. არის ანტიკონსტიტუციური და მისი ადგილი დემოკრატიულ სივრცეში არ არის, ვგულისხმობ ყველას, ვინც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ჩვენი ამოსავალი წერტილი არის არა პარტიის დასახელება, არამედ შინაარსი. თუკი პარტია საკუთარი საქმიანობით ანტიკონსტიტუციურია, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს ამასთან დაკავშირებით. ჩვენი სარჩელი ეყრდნობა კონკრეტულ საგამოძიებო მასალებს, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად დადო, როგორც ანგარიში. 450-გვერდზე მეტი არის ის დანაშაულები, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებას აქვს ჩადენილი კონსტიტუციის წინააღმდეგ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0