
ვნახეთ, სხვა ქვეყნების დროშების ფრიალი, მოწოდებები, რომ სხვას დაენახონ, ვიღაცამ ფოტო ნახოს უცხოეთიდან, ეს არის „ნაცობა“, როგორც იდეოლოგია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო უკეთეს ოპოზიციას იმსახურებს.
„ნიშანდობლივია, როდესაც საზოგადოება ზეიმობს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, რადიკალური ოპოზიცია დაკავებულია კვლავ ვასალური ქცევით, რათა უცხოელების დავალებები შეასრულოს. ამაზე ხშირად ვსაუბრობდით, ბოლო პერიოდში საჯაროდ თავადაც არაერთხელ წამოსცდათ, რომ ამგვარ ღონისძიებას აორგანიზებენ, რომ სხვებს დაანახონ, თავები დაათვლევინონ, რადგან მათი მფარველობა ისევ გაგრძელდეს. დამოუკიდებლობის დღეს რადიკალური ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები, ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ვიხილეთ, გამოდიან ლოზუნგით, ქვეყანა სხვებს დაუქვემდებარონ. ვნახეთ, სხვა ქვეყნების დროშების ფრიალი, მათი მოწოდებები, რომ სხვას დაენახონ და ვიღაცამ ფოტო ნახოს უცხოეთიდან და შეაქოს. ეს არის „ნაცობა“, როგორც იდეოლოგია. ეს არ არის მხოლოდ პარტიული კუთვნილება, ეს არის იდეოლოგია სხვისი მსახურებისა. ეს იგივე ხალხია, ვინც 4 ოქტომბერს ევროკომისიის პრესმდივნის მხარდაჭერით გამოდიოდა ქვეყნის დასამხობად. ეს იგივე ხალხია, იგივე მოტივაციით, რომ ქვეყანა დაუქვემდებარონ სხვას. კიდევ ერთხელ ვიხილეთ, რომ ეს არის „ფეისბუქის“ ერთი „ფრენდლისტი“, ამით არის მთელი მათი და ძალა ენერგია გამოხატული. ქვეყანაში სადაც ოთხი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რამდენიმე ათასი ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ მათი სოცმედიით აღტყინებული სიბევრე სინამდვილეში ის კანტიკუნტი ადამიანები, რომლებიც გუშინ რუსთაველზე ვიხილეთ.
გუშინდელი დღე ნამდვილად გარდამტეხი იყო. დასკვნა გუშინდელი დღიდან არის, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას და არა წარსულში ჩარჩენილ „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსნებს, რომლებსაც, ერთადერთი დღის წესრიგია აქვთ, საქართველო დაუქვემდებარონ სხვების პოლიტიკურ გავლენას. საბოლოოდ გამოჩნდა მათი მხარდაჭერა, ენერგია, იდეებიც. მათი მხარდაჭერა არის გარედან, მათი იდეა არის გარე მფარველებს მოაწონონ თავი და მათი რაოდენობა არის რამდენიმე ათასი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0