
"არ მონაწილეობით ისინი უკვე საკუთარ თავს აფორმებენ ანტიდემოკრატიულ, რადიკალურ დაჯგუფებად და ასეც იქნება ხვალინდელი დღიდან," – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ადგილობრივ NGO-ების შესახებ, რომლებიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ.
მისი თქმით, თუ საარჩევნო თაღლითები არ დააკვირდებიან არჩევნებს, ამით არაფერი დაშავდება.
"ვინ უშლიდა ISFED-ს და სხვებს, რომ დაჰკვირვებოდნენ არჩევნებს? ვინ დაუშალა? – არავინ! ეს არის ნაწილი, მათ შორის, იმ ჰიბრიდული თავდასხმისა ჩვენს არჩევნებზე: როგორც რადიკალური ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს, ასევე რადიკალური "ენჯეოები" ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს დაკვირვების მხრივ. არა მხოლოდ დაკვირვებას – ვნახეთ, რომ ისინი როგორც ამომრჩევლებიც მონაწილეობას არ იღებენ.
ამით მათ მოახდინეს საკუთარი თავის დისკვალიფიკაცია. "საერთაშორისო გამჭვირვალობა", "ISFED", სოროსის ფონდი, "საია" – ყველა ეს ორგანიზაცია, ვინც განაცხადა, რომ ისინი ხმას არ მისცემდნენ არჩევნებზე, საკუთარი თავის დისკვალიფიკაცია მოახდინეს. დღევანდელი დღიდან არჩევნებში არ მონაწილეობით ისინი უკვე საკუთარ თავს აფორმებენ ანტიდემოკრატიულ, რადიკალურ დაჯგუფებად და ასეც იქნება ხვალინდელი დღიდან.
რაც შეეხება მათ არ დაკვირვებას – აქ დიდი დანაკლისი არ არის. საარჩევნო თაღლითების მხრიდან არჩევნებზე დაკვირვება პირიქით, უფრო პრობლემური იყო. გახსოვთ, რომ ISFED-მა 2020 წელს გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები. შარშან კი საერთოდ არ გამოაქვეყნეს – ამაზეც ხომ ვთანხმდებით? – ვთანხმდებით. ასე რომ, საარჩევნო თაღლითები თუ არ დააკვირდებიან, ამით არაფერი დააკლდება ჩვენს არჩევნებს.
დღევანდელ დღეს 56 საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის 8 ათასი წარმომადგენელი აკვირდება არჩევნებს და 73 მედიის ათასამდე ჟურნალისტი არის აკრედიტებული არჩევნების გასაშუქებლად. შეამოწმეთ, ბოლო არჩევნები რომ იყო ლიეტუვაში, რამდენი დამკვირვებელი ჰყავდათ და შეადარეთ საქართველოს მონაცემებს.
ეუთო/ოდირი ჩვენ მოვიწვიეთ. მათ ჰქონდათ საკმარისი დრო, რომ ჩამოსულიყვნენ არჩევნებზე. არაფერი არ უშლიდათ, რომ შეკრებილიყვნენ რამდენიმე კაციანი დელეგაციად და ჩამოსულიყვნენ დაკვირვებაზე," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0