
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის განცხადების კონტექსტი ცოტა გაუგებარია, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, თუმცა მთელი თაობა ისე გაიზარდა, საპასუხოდ ნატო-ს მხრიდან გვაქვს მხოლოდ სიტყვები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, განცხადებით ქვეყნის უსაფრთხოებას ვერავინ დაიცავს.
„ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის განცხადების კონტექსტი ცოტა გაუგებარია. ჩვენ დღეს გვყავს თაობა, რომელიც დაბადებულიც არ იყო, როდესაც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ამასობაში გაიზარდა მთელი თაობა, სკოლას ამთავრებენ ისე, რომ სიტყვა ითქვა და საქმე არ გაკეთებულა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ აჩვენა ყველაფერი, რაც კი შეეძლო სანდო პარტნიორს ეჩვენებინა ნატო-სთვის. მაშინ, როდესაც ნატო-ს წევრი ქვეყნები ემალებოდნენ მისიებს, ავღანეთის მისიას, საქართველო წარმოდგენილი იყო როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტინგენტით ავღანეთში. რიცხობრივად ვიყავით მესამე, მეოთხე ქვეყანა ნატო-ს ქვეყნებთან შედარებით. 1 000-1 500 ჯარისკაცით ვიყავით წარმოდგენილი, მაშინ, როდესაც ბალტიის ქვეყნები 30-40 ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი და ისიც შტაბში.
ასე რომ, ჩვენი მხრიდან, რაც შეიძლებოდა, გაკეთებულიყო, რათა გვეჩვენებინა, როგორც ჩვენი სანდო პარტნიორობა, ასევე გვეჩვენებინა საქართველოს მნიშვნელობა ნატო-სთვის და ნატო-ს მნიშვნელობა საქართველოსთვის. ეს ყველაფერი ვაჩვენეთ, თუმცა საპასუხოდ ვხვდებით მხოლოდ სიტყვებს და ამგვარ განცხადებებს, რომელიც გავრცელდა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მხრიდან. განცხადება კარგია, მაგრამ განცხადებით ქვეყნის უსაფრთხოებას ვერავინ დაიცავს. ეს ვნახეთ უკრაინის მაგალითზე, რომლის მიმართაც ბევრი განცხადება კეთდება, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ყველა ხვდება, რომ ნატო-ს ატომური ქოლგა არის ყველაზე ქმედითი დაცვა და არა ნატო-ს ოფისების განცხადებები.
საქართველომ ყველაფერი გააკეთა და აჩვენა, თუმცა მთელი თაობა ისე გაიზარდა, საპასუხოდ ნატო-ს მხრიდან გვაქვს მხოლოდ სიტყვები და არ გვაქვს არც მაპ-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება, არც ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც გვაჩვენებდა, რომ ამ სიტყვების უკან დგას ქმედითი გადაწყვეტილება და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის და შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებებს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი“.
0
0