
"მგონი, ალეკო ელისაშვილი თავადაც აღიარებს, რომ ჩაიდინა ტერორისტული აქტი. დანარჩენს სასამართლო დაადგენს, მოტივაციას და სხვა საკითხებს. ფაქტია, თავად აღიარებს, რომ დაგეგმა, მოამზადა და ცივსისხლიანად განახორციელა ტერორისტული აქტი", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, "ეს ტერორისტული აქტი არის შედეგი იმისა, რომ ბრიუსელმა, მისმა ელჩებმა, პოლიტიკოსებმა თვალი დაუხუჭეს და კიდევ მეტად ჩაიხუტეს მოძალადეები".
"ასე რომ, ყველაფერი გასაგებია, გაუგებარია "ლელოს" განცხადება, თითქოს ისინი გმობენ. დაგმობა მაშინ უნდა ყოფილიყო, ვიღაც ცუდ განცხადებას როცა გააკეთებს, თორემ ადამიანმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი, ამას აღიარებს.
კითხვა არის მარტივი, აპირებს თუ არა "ლელო", გარიცხოს ალეკო ელისაშვილი საკუთარი რიგებიდან, თუ უნდა, ტერორისტი დარჩეს მათ რიგებში, "ალდეს" წევრად? მათ შორის, გამოხმაურებები ვნახეთ "ალდესგან", რომლის წევრიც არის "ლელო" და მისი ლიდერები, ელისაშვილის ჩათვლით. მაინტერესებს, ტერორისტები უნდა ჰყავდეთ საკუთარ რიგებში და ამის შემდეგ გველაპარაკებოდეს ეს ევროპული პარტია "ალდე"? სხვა დროს წამი, წუთი არ გავა, როდესაც "ალდეს" სხვადასხვა ხელმძღვანელები "ტვიტერს" აიკლებენ ხოლმე სხვადასხვა ტექსტით. სად არის მათი გამოხმაურება ამ საკითხთან დაკავშირებით? მათი წევრი პარტიის ლიდერმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი და არც გმობენ, არც ემიჯნებიან, არც რიცხავენ, არაფერი, ნული რეაქცია ამასთან დაკავშირებით.
ეს არ იყო ერთეული შემთხვევა, ეს არის ზუსტად ის სიმპტომი და იმ ტვინის გამორეცხვის შედეგი, რასაც გარედან ვხედავთ.
შეგახსენებთ ზარს, რომელიც ერთ-ერთმა ევროკომისარმა განახორციელა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და იმ მითითებას, მინიშნებას. მიანიშნებდა, რომ იმდენად ტვინს გამოურეცხავენ ადამიანებს, წავლენ დანაშაულზე. ეს არ არის ერთეული შედეგი, ეს არის შედეგი იმისა, რომ დღემდე არ დაუგმიათ "მოლოტოვის კოქტეილები", ვისი კერპიც აქვთ აღმართული, ვისზეც ლოცულობენ. პირიქით, ბრიუსელი აფინანსებდა "მოლოტოვის კოქტეილის" კამპანიას. არ დაუგმიათ 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობა, პირიქით, იხუტებენ ისევ იმ ადამიანებს. ვნახეთ, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მისული იყო და 4 ოქტომბრის ძალადობის აქტის ერთ-ერთ მონაწილეს გაესაუბრა, მხარდაჭერა გამოუცხადა. ასეა, როცა არ დაგმობ ძალადობას, მიიღებ ესქტრემიზმს, როცა არ დაგმობ ესქტრემიზმს, მიიღებ ტერორიზმს. დღეს ეს ტერორისტული აქტი არის სრულად შედეგი იმისა, რომ თვალი დაუხუჭა ბრიუსელმა, მისმა ელჩებმა, პოლიტიკოსებმა და კიდევ მეტად ჩაიხუტეს მოძალადეები. ეს არის ევროპული სტილის ძალადობა საქართველოში", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0