
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩარლი კირკის მკვლელობას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს არის ლიბერალიზმის თანამედროვე სახე.
შალვა პაპუაშვილმა პარალელი გაავლო ამ ფაქტსა და ქართველ ლიბერალებს შორის და აღნიშნა, რომ ლიბერალური ინტერნაციონალის მთავარი იარაღი ძალადობაა.
„რაც შეეხება საზარელ მკვლელობას, რომელიც გუშინ ვიხილეთ, აი, ეს არის ლიბერალიზმის თანამედროვე სახე და ზუსტად ეს არის, რაც ხდება საქართველოში - დღეს, როდესაც ცდილობენ, თანამედროვე ლიბერალიზმთან გააიგივონ ილია ჭავჭავაძე. ილია ჭავჭავაძე კი არა, ბერბიჭაშვილების შთამომავლები არიან თანამედროვე ლიბერალები საქართველოში, რომლებიც არიან ნაწილი ამ ლიბერალური ინტერნაციონალის, რომლის მთავარი იარაღი არის ძალადობა - სიტყვით ძალადობა, ფიზიკური ძალადობა.
ამას ვხედავთ ყველგან, მთელს მსოფლიოში, სადაც ისინი მოძლიერებული არიან. ზუსტად ეს უნდათ, საქართველოშიც დაამკვიდრონ” , - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ თბილისში ბოლო დღეებში მიმდინარე პროტესტიც შეაფასა. მისი განცხადებით, გინებასა და ძალადობას პოლიტიკურ პროტესტად აფორმებენ.
„ეს ორკების ღამის თარეში, რაც თბილისში ხდება - დედის გინება პროტესტია? ზუსტად ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რომ გინებას, შეურაცხყოფას, დეჰუმანიზაციას, ძალადობას აფორმებენ პოლიტიკურ პროტესტად.
რუსთაველზე ნახეთ, ცოტა ხნის წინ დააკავეს ადამიანი, რომელიც შაშხანით გადაადგილდებოდა. ეს არის, რაც მოხდა სლოვაკეთში, როდესაც ფიცოს ესროლეს. ეს არის ზუსტად, რაზეც აფრთხილებდა ერთ-ერთი ევროკომისარი საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
თანამედროვე ლიბერალები არიან ფაშისტების შთამომავლები - როგორც 100 წლის წინ ფაშიზმი სენივით შეეყარა ევროპას და მოედო, ზუსტად ასე არის თანამედროვე გაგება ლიბერალიზმის, რომელიც არის მემკვიდრე ფაშიზმისა, რომლის მთავარი იარაღი არის ადამიანების გაუქმება, შეურაცხყოფა, ძალადობა და ასე შემდეგ.
ჩვენ ვნახეთ ქართველი ე.წ. ლიბერალების, ბერბიჭაშვილების შთამომავლების რეაქცია ამ მკვლელობაზე. ვნახეთ, სოროსის ფონდის თანამშრომელს როგორ უხარია, რომ მოკლეს [კირკი], ვნახეთ, პარტია „ახალის“ თანამშრომელს როგორ უხარია, რომ მოკლეს ადამიანი. ლიბერალური ფაშიზმი არის 100 წლის წინანდელი ფაშიზმის მემკვიდრე”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ჩარლი კირკი, რომელიც იუტას უნივერსიტეტში სტუდენტური ჯგუფის მიერ იყო მიწვეული, სიტყვით გამოდიოდა, რა დროსაც მას დაახლოებით, 200 მეტრის დაშორებით მდებარე კამპუსის შენობიდან ცეცხლი გაუხსნეს. მიყენებული დაზიანების შედეგად ის მალევე დაიღუპა. გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა, კეშ პატელმა განაცხადა, რომ კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.
0
0