
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ინდოეთში ვიზიტი შეაჯამა.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ეს ისტორიული ვიზიტი იყო.
„ისტორიული ვიზიტია იმ მხრივ, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში საქართველოდან უმაღლესი თანამდებობის პირის პირველი ვიზიტი იყო. ამით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას განსაკუთრებული ბიძგი მიეცემა, განსაკუთრებით, პარლამენტებს შორის ურთიერთობას. დღეს გვქონდა შეხვედრა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტთან, რომელიც, ამავე დროს, შტატების საბჭოს თავმჯდომარეა. მასთან ვისაუბრეთ ინდოეთის ზედა პალატასა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე. როგორც ქვედა პალატის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე, აქაც შევთანხმდით, რომ ინტენსიური იყოს ჩვენს პარლამენტებს შორის ურთიერთობა კომიტეტების თუ მეგობართა ჯგუფების დონეზე. მეგობართა ჯგუფი ინდოეთის ზედა პალატაშიც შეიქმნება. რაც მთავარია, საქართველოს მიმართ დიდი ინტერესია ახლა, როცა გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი პროცესები ხდება, სავაჭრო გზების ახალი მარშრუტები იხსნება, მატულობს საქართველოს როლი, როგორც შუა დერეფნის ქვეყნის. ინდოეთისთვის ეს მარშრუტი და გზა, შუა დერეფანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დერეფანია, რათა ევროპასთან ვაჭრობა ჰქონდეს. მთლიანობაში, ვიზიტი იყო გულთბილი, მეგობრული. მასპინძლებს სურდათ, რომ ის სტუმართმოყვარეობა ეჩვენებინათ, რაც ინდოელი ხალხისთვის არის დამახასიათებელი. რა თქმა უნდა, ველოდებით მათ სტუმრობას საქართველოში. ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს ხუთეულში შემავალ ეკონომიკაზე. ერთ-ერთი ინტენსიურად მზარდი ქვეყანაა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური გავლენის კუთხით. მომავალ ათწლეულებში ინდოეთს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მსოფლიოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაზე. ამიტომ, გვიხარია, რომ ასეთი გულთბილი და განსაკუთრებული დახვედრა ჰქონდათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0