
გიორგი ბაჩიაშვილი ჩვეულებრივი მაქინატორია - არ უნდა უკვირდეს, რომ მისი სიტყვის მიმართ დამაჯერებლობა ძალიან დაბალია, - ეს შეფასება მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
პაპუაშვილმა ბაჩიაშვილს „თაღლითიც“ უწოდა.
„სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ ადამიანი არის თაღლითი, რომელმაც მილიარდ დოლარზე მეტი მიისაკუთრა, შემდეგ მანქანა იყიდა, გადააკეთა, საბარგულში ჩაიმალა და საზღვარი ასე გადაკვეთა. არის ჩვეულებრივი მაქინატორი - თავადაც არ უნდა უკვირდეს, რომ მისი სიტყვის მიმართ დამაჯერებლობა ძალიან დაბალია.
საზოგადოება უყურებს და ხედავს, ვინ არის პიროვნულად, ქცევით და თავისი დანაშაულებით. დანარჩენს სასამართლო განიხილავს და დაადგენს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სააპელაციო სასამართლოში „კრიპტოვალუტის მითვისების“ საქმე განიხილება. აღნიშნულ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა სააპელაციო სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მის მიმართ პრეტენზია მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბიძინა ივანიშვილს ანტიდასავლურ რიტორიკაში არ გაჰყვა. ბაჩიაშვილის თქმით, არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ მას და ბიძინა ივანიშვილს რაიმე საერთო ან საწილო საქმე ჰქონოდათ.
0
0