
გამოძიება ჩატარდა და შესაბამისი შედეგები გასაჯაროვდა. ჩატარდა სწრაფად, ძალიან გამჭვირვალედ. ბევრი ადამიანი იქნა გამოკითხული და შედეგები დაიდო. უკვე აღარავის ეპარება ეჭვი იმ მთავარ სიცრუეში, რაც იყო „ბიბისის“ ცილისმწამებლური სიუჟეტის მთავარი მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
პაპუაშვილმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრმა, შალვა კერესელიძემ დააყენა საკითხი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა და თანამშრომელთა მხრიდან გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შესწავლის მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.
შალვა პაპუაშვილმა ფრაქციას „საქართველოსთვის“ მიმართა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა მათი უფლებაა და განმარტა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა პლენარულ სხდომაზე 50 ხმა.
ამავდროულად, შალვა პაპუაშვილმა შალვა კერესელიძეს მოუწოდა, საზოგადოების სახელით არ ესაუბრა.
„ბატონო შალვა, საზოგადოების სახელით როდესაც საუბრობთ, ისაუბრეთ თქვენი სახელით. საზოგადოებას ნუ ეფარებით და ნუ ცდილობთ, წარმოაჩინოთ ისე, რომ რაღაცა უნდა საზოგადოებას. თქვენ თუ გაინტერესებთ, თქვენი სახელით ისაუბრეთ. რაც შეეხება საზოგადოების სახელით საუბარს, შეგახსენებთ, შარშან, საპარლამენტო არჩევნების დროს, თქვენმა პარტიამ მიიღო 160 000 ხმა, 7.5 პროცენტი. წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის დროს მიიღეთ 50 000 ხმა, მესამედი იმ ხმისა, რაც მანამდე გქონდათ მიღებული. ასე რომ, საზოგადოების სახელით რამდენად შეგიძლიათ საუბარი, ყოველ შემთხვევაში, თქვენივე ამომრჩეველმა თქვენი პოზიციების გამო რა გაჩვენათ, ეს გამოჩნდა. ამიტომ არ არის საჭირო საზოგადოების სახელით საუბარი. თქვენ ხართ ფრაქცია, სუბიექტი, ვისაც შეუძლია, დააყენოს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. აქვე განვმარტავ, მათ შორის საზოგადოებისთვის, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დაყენება შეუძლია, მათ შორის ფრაქციას. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებას, საჭირო არის 50 ხმა პლენარულ სხდომაზე.
რაც შეეხება ნდობა-არნდობის საკითხს, გამოძიება ჩატარდა და შესაბამისი შედეგები გასაჯაროვდა. ჩატარდა სწრაფად, ძალიან გამჭვირვალედ. ბევრი ადამიანი იქნა გამოკითხული და შედეგები დაიდო. უკვე აღარავის ეპარება ეჭვი იმ მთავარ სიცრუეში, რაც იყო მთავარი მიზანი „ბიბისის“ ცილისმწამებლური სიუჟეტისა. ჰედლაინის იქეთ ხომ უკვე აღარავინ შინაარსში აღარ შესულა. მთავარი იყო, გამოეტანათ ჰედლაინი, ვითომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს საქართველოში. თითქოს საქართველო ყოფილიყო პირველ მსოფლიო ომში წამომწყები ან დიდი მონაწილე ან თითქოს ქიმიური იარაღი ჩვენი გამოგონილი ყოფილიყო, თითქოს ჩვენ გამოგვეყენებინოს პირველ მსოფლიო ომში ქიმიური იარაღი და არა თუნდაც იმ ქვეყანას, რომელსაც ზოგიერთები წარმოადგენენ. ეს ცილისწამება მხილებულ იქნა. მათაც კი, ვინც ეჭვები გამოთქვეს და ჭორებს აყვნენ, თქვეს, რომ არა, არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, მხოლოდ ვარაუდები იყო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ინტერესის შემთხვევაში, ხელისუფლება მზადაა, ითანამშრომლოს რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუტებთან.
„ნდობას რაც შეეხება, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, აგერ არის გამოძიება, აგერ არის მისი შედეგები, რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციებს თუ ექნებათ რაიმე კითხვა, ხელისუფლება მზად არის, მიაწოდოს ყველა შესაბამისი ინფორმაცია. მგონი, ყველა დარწმუნებულია, იმდენი მტერ-მოყვარე გვყავს გარეთ, სხვადასხვა ინსტიტუციაში, რომ ვინმეს რაიმე პრეტენზიის გამოთქმა თუ უნდა, ძალიან ადვილად აიღებენ ამას, როგორც შესაძლებლობას იმისთვის, რომ ჩაეძიონ საკითხს. ასე რომ, აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო გამოძიება და გამოძიების შემდეგაც ღია არის ხელისუფლება, ითანამშრომლოს რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, თუ რაიმე ინტერესი არსებობს. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის საკითხს, ვიმეორებ, თქვენი უფლებაა, დააყენოთ, ხვალ პლენარულ სხდომაზე გამოიტანოთ ეს საკითხი, კენჭისყრა იქნება და შემდეგ პარლამენტი გადაწყვეტს ამ საკითხს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1
0