15/01/2025
14:14
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას.
როგორ პაპუაშვილი აღნიშნავს, სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრისას განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, საუბარი შეეხო პარლამენტის საქმიანობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევას.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს, თანამომხსენებლებს საქართველოს საკითხებში, ედიტ ესტრელასა და კლოდ კერნს შევხვდი.
შეხვედრისას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესები განვიხილეთ. საუბარი შეეხო პარლამენტის საქმიანობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევას.
მიმოვიხილე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ეუთო/ოდირის რეკომენდაციები.
ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებს გავაცანი ოპოზიციის ტაქტიკა, რომელიც პარლამენტის ბოიკოტს ითვალისწინებს და ყოველი არჩევნების შემდეგ ოპოზიციისათვის პოლიტიკური ბრძოლის იარაღს წარმოადგენს.
საუბარი, ასევე, შეეხო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე პროტესტს.
ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისიის დაინტერესების საფუძველზე, განსაკუთრებით აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდ სამუშაოს ატარებს, რათა ევროკავშირთან ინტეგრაციის რეალური, არსებითი ნაბიჯები დროულად იქნას გადადგმული და საქართველომ უახლოეს წლებში შეძლოს ყველა სტანდარტისა და მოთხოვნის დაკმაყოფილება და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წარმატებით დასრულება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
0
0