
ბოლო დღეებში საუბარი იყო, რომ ევროპარლამენტის შენობაში, რეზოლუციების განხილვამდე, გარკვეულ პერფორმანსს აპირებდნენ, გასაგები იყო, რომ სავარაუდოდ, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტების ფოტოების დადგმას აპირებდნენ, ამ პერფორმანსს ძალიან ველოდებოდი, მათი ფანტაზია წარმომედგინა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველას ახსოვს, აღნიშნული ადამიანები როგორ ითხოვდნენ სააკაშვილის გათავისუფლებას.
„ამ მომენტს ველოდებოდი და ვფიქრობდი, როგორც კი ამ ფოტოს დავინახავდი, რომელზეც იქნებოდა მორიგ ჯერზე მოწოდება რომელიმე სისხლის სამართლის ფიგურანტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ამ ფოტოს ავიღებდი, ძველ ფოტოს ავიღებდი, სადაც Free Misha ეწერა, ერთად დავაწებებდი და Facebook-ზე დავდებდი. რა ნახა ჩემმა თვალებმა, ეს არც კი დამჭირდა. პერფორმანსი ვნახეთ, სადაც პირდაპირ სააკაშვილი, მელია და სხვები ერთ ქვაბში ჰყავთ მოხარშული. ეს აჩვენებს, ვისთან გვაქვს საქმე. სირცხვილია, როცა ევროპარლამენტის კედლებში ანტიქართული პოლიტიკა ტარდება. ეს არის სირცხვილი ევროპის, ბრიუსელის, როცა ამ მნიშვნელოვან ინსტიტუციაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ ანტიქართულ პოლიტიკას პლატფორმა ეთმობა. რაც შეეხება ალტერნატიულ პროექტს, ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა, ევროკავშირში ვიხილოთ. გვინდა, ვიხილოთ, საღი აზრი და იმ ძალების გაძლიერება, რომლებიც საღ აზრზე არიან და ელემენტარულ საბაზისო გაგებით, საერთაშორისო სამართლის პრინციპებით მოქმედებენ. კარგია, რომ ევროპარლამენტში ასეთი პოლიტიკური წარმომადგენლობა სულ უფრო ძლიერდება. ჩვენ ზუსტად ასეთი ევროკავშირისკენ ვიყურებით და არა იმ ანტიქართული ჯგუფებისკენ, რომლებიც საქართველოს ებრძვიან და ცდილობენ, რომ საქართველო საკუთარი შიშების დასაძლევად ინსტრუმენტად გამოიყენონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ალტერნატიულ პროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისასალმებელია, თუ ალტერნატიული აზრი უფრო მეტად და მეტად იკიდებს ფეხს ევროპარლამენტში.
„ჩვენ რასა იუკნევიჩიენეს ვერაფერს ვეღარ გავაგებინებთ. ამ ადამიანს ქართველი ხალხის მიმართ ორგანული მიუღებლობა აქვს. მას თავისი პირადი დამოკიდებულება და ისტორია აქვს სტალინთან დაკავშირებით. სტალინთან დაკავშირებით მის ზიზღს მთელი ერი გადაგვაყოლა. მას ჩვენ ვერაფერს ავუხსნით. ჩვენი ამოცანაა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ის პოლიტიკური ჯგუფები ვეძიოთ, რომლებიც ძლიერდებიან და მათ შორის მოქალაქეებს ველაპარაკოთ და ვაჩვენოთ, თუ რა სამარცხვინო გზაზე დგას ზოგიერთი ხელისუფლება, ბრიუსელის ზოგიერთი ინსტიტუტი, რომ თავად ევროკავშირის მოქალაქეებმა პასუხი მოსთხოვონ იმ ფულის ხარჯვაზე, რომელიც საქართველოში მიედინება პროპაგანდის, სიძულვილის, ზიზღის კამპანიას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ევროკავშირის მოქალაქეებს ავუხსნათ და თავიანთ ინსტიტუციებსე პასუხი მოსთხოვონ იმ მავნებლობაზე, რასაც ხანდახან ვხედავთ ხოლმე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0