
ფაქტი, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესია ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და მონაწილეობას არ იღებენ აზერბაიჯანი და საქართველო, აჩვენებს, რომ რაღაც არასწორია ევროპარლამენტის ქცევაში, ჩვენ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ევრონესტი არის ევროპარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის და დიალოგის პლატფორმა, რომლის მიზანია ევროპარლამენტსა და ამ ქვეყნების პარლამენტებს შორის სხვადასხვა საკითხის განხილვა. ის ფაქტი, რომ ევრონესტის ამ სხდომაზე მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ორი ქვეყანა იქნება წარმოდგენილი, თავად მასპინძელი სომხეთი და მის გარდა უკრაინა, ესეც აჩვენებს თავისთავად, რომ რაღაც არ ხდება სწორად ევროპარლამენტის მხრიდან. მათ შორის ის ფაქტი, რომ ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყანა – აზერბაიჯანი და საქართველო არ იღებს მონაწილეობას ამ სხდომაში. თავად ეს ფაქტი აჩვენებს, რომ არასწორია ქცევა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, რაც შეეხება ევრონესტის სხდომაზე მიწვეულ პოლიტიკოსებს, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სინამდვილეში „ენჯეოშნიკების“ საფარქვეშ ჰყავთ მიწვეული „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „ევროპული საქართველოს“, „დროას“ პარტიის წევრები.
„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მიწვეული პირებიდან თითქმის ყველა არიან პარტიის წევრები, ბოკუჩავა და ა.შ. ასე რომ, აბსოლუტურ სიცრუესთან გვაქვს საქმე, როდესაც ახლა „ენჯეოშნიკების“ კვოტით პარტიის „ნაცების“ წარმომადგენლები ჰყავთ მიწვეული. სინამდვილეში, ევრონესტის ევროპარლამენტის მხარე გვაჩვენებს და მიუთითებს ქართველებს, ვის თვლიან ისინი საქართველოს წარმომადგენლად. ხმად თვლიან „ნაცმოძრაობას“ საქართველოს წარმომადგენლებად.
ამის უკან კონკრეტული ადამიანები დგანან, რასა იუკნევიჩიენე და მისი მტრული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ ცნობილია. გასაკვირი არ არის, რომ „ნაცმოძრაობასთან“ ჩახუტებული რასა იუკნევიჩიენე „ენჯეოშნიკების“ საფარქვეშ იწვევს „ნაცებს“ ევრონესტზე, რაც სირცხვილია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ჩანს, რომ ეს გავლენა, პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტური მიდრეკილებები, რაც ევროპარლამენტშია, ხელის გულზე დევს.
„ევრონესტის სესია ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში, თუმცა არ ჩადიან საქართველო და აზერბაიჯანი. ესეც აჩვენებს, რომ რაღაც არასწორია ევროპარლამენტის ქცევაში. ჩვენ ამ ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ის მტრული რიტორიკა, რომელიც ზოგიერთ ევროპარლამენტარს, განსაკუთრებით ევრონესტის ხელმძღვანელობაში მყოფ პირებს აქვთ როგორც ქართველი ხალხის, ისე ხელისუფლების მიმართ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ რიტორიკას ლეგიტიმაციას ვერ მივცემთ. მათ შორის ვერ მივიღებთ მონაწილეობას იმ ფარსში, სადაც „ენჯეოშიკებად“ ჰყავთ გაფორმებული ბოკუჩავა, გეგელია და მსგავსი პოლიტიკოსები.
სამხრეთ კავკასიის რეგიონში ტარდება ევრონესტის ეგიდით შეხვედრა, რომელსაც აზერბაიჯანი და საქართველო არ ესწრება. მგონი, აქ თავად ევრონესტი აღწევს საკუთარი თავის იზოლაციას აღმოსავლეთ პარტნიორობისგან და უნდათ, რეგიონული პოლიტიკა აეწყოს მათ პოლიტიკურ გემოვნებაზე. რასა იუკნევიჩიენესთვის ვინაიდან ნახევრად ღმერთი არის მიხეილ სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“, ამაზე უნდა აეწყოს მათი რეგიონული პოლიტიკა, რაც სამწუხაროა.
გორბაჩოვის თანამებრძოლი რასა იუკნევიჩიენე ასე რომ იქცევა, ამაში გასაკვირი არაფერია. ევროპარლამენტში საბჭოთა სტილის ნაბიჯებს ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვაკვირდებით, რაც ხედავთ, რომ არის გავლენა პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტური ქვეყნებისა, რომლებიც რატომღაც ფიქრობენ, რომ უნდა ჰქონდეთ მეურვეობა ქართველ ხალხზე. არ ვიცი, რატომ ფიქრობენ ასე. თუმცა, ჩანს, რომ ეს გავლენა, პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტური მიდრეკილებები, რაც ევროპარლამენტშია, ეს ხელის გულზე დევს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას წერილით მიმართა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ თავი შეიკავა ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. როგორც მახაშვილმა განმარტა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელი ქმედებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ასამბლეის დამფუძნებელი აქტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პრაღის სამიტის ერთობლივი დეკლარაციის ფუნდამენტურ პრინციპებსა და მიზნებთან შეუსაბამობის გამო.
0
0