
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ე.წ. მოლაპარაკებების პროცესი, სინამდვილეში, დირექტივების შესრულების პროცესია.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არის ცალმხრივი დავალებები და გამოგონილი, თვითნებური დირექტივები, სუვერენულ ქვეყანაზე კონტროლის დამყარების სურვილით.
„ყველამ უნდა იცოდეს სიმართლე, სინამდვილეში, არანაირი მოლაპარაკება არ არსებობს გაწევრიანებაზე, ეს გახლავთ ბრიუსელის დავალებების შესრულების პროცესი და ამას რაღაც მომენტში თვითონ ბრიუსელიც აღიარებს ხოლმე. ამ პროცესისთვის მოლაპარაკებების დარქმევა არის აბსოლუტური ფარსი და წარმოჩენა, თითქოს რაღაც ორმხრივი პროცესის. სინამდვილეში, არის ცალმხრივად დავალებების მიცემა და ამ დავალებების ბრიუსელის არარჩეული ბიუროკრატების გემოზე შესრულება. იმ თავისუფლებასაც არ გიტოვებენ, რომ სხვადასხვა ოფცია ჰქონდეს. ყველაზე დიდი, რაც შეიძლება იყოს, შეიძლება, გადავადდეს გარკვეული ვალდებულებების შესრულება. ეს, ერთი მხრივ, გასაგებია იმ მხრივ, რომ თუ გინდა რაღაც ორგანიზაციის წევრობა, თუ არის რაღაც დირექტივები, ნორმები, რომლებიც უნდა გადმოიტანო შენს კანონმდებლობაში, რა თქმა უნდა, ეს უნდა შეასრულო. შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის კანონმდებლობის ნახევარი უკვე გადმოტანილია, ასოცირების შეთანხმების გეგმით, რომლითაც მივდივართ. თუმცა, პრობლემა ისაა, რაც არის ახალი ტენდენცია ბრიუსელიდან, რომ ხდება მოფიქრება დამატებითი მოთხოვნებისა, რომლებიც არ არის განსაზღვრული არც დირექტივებით და არც სხვა მკაცრი დოკუმენტებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა მაგალითად მოიყვანა მოსამართლეების „ვეტინგი“, რომელიც, პაპუაშვილის განმარტებით, „არარჩეული ევრობიუროკრატების აბსოლუტური ფანტაზიის ნაყოფია“.
„ევროკავშირის არცერთი დოკუმენტი, დირექტივა იქნება, თუ სხვა რამ, ასეთ რამეს არ ითვალისწინებს. საკუთარ ქვეყანაში ამას არ ატარებენ და სხვა ქვეყნებს სთხოვენ მარტივი მიზეზის გამო – ეს არის პროცედურა, რომლითაც ცდილობენ, მოიპოვონ ზემოქმედების ბერკეტი სხვა ქვეყნის მართლმსაჯულებაზე. ვნახეთ, რომ მოლდოვაში ამ პროცესს ატარებს ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, ქალბატონი ნონა წოწორია, რომლის დროსაც წამების სისტემა შეიქმნა საქართველოში, გენპროკურორის მოადგილე იყო მაშინ, როცა იყო სახელმწიფო რეკეტი, წამების სისტემის შექმნა, მკვლელობები, რომლებსაც სახელმწიფო ხელს აფარებდა და ეს ადამიანი არის მთავარი ჟიურის წევრი მოსამართლეების შერჩევასა, თუ გადარჩევაში მოლდოვაში. ვინ არის ზურაბ ადეიშვილი, ვიცით – უკრაინაში გენპროკურორის მოადგილე. ვისი მფარველობის ქვეშაც არის, ამასაც ვხედავთ, უკრაინაშიც ის ჰყავთ, როგორც გარედან დასმული ადამიანი, რეალურად, ის ჩრდილოვანი გენპროკურორია უკრაინაში. ეს ხაზი არის, გარე დავალებების შემსრულებელი ადამიანები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ, რომ – მოლდოვაში, უკრაინაშიც იგივე პროცედურები არის – სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლი მოიპოვონ გარე ძალებმა და დაჯგუფებებმა, რათა შემდეგ სასამართლო ხელისუფლებიდან, მართლმსაჯულებიდან მართონ ქვეყანა. ასე რომ, ბოლო პერიოდში ბრიუსელის მხრიდან არის ასეთი მოგონილი კრიტერიუმები, როგორიცაა „ვეტინგი“. მათ შორის, გახსოვთ, ჩვენ ჩაგვიწერეს ცხრა რეკომენდაციაში, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ ხელისუფლების ყველა დონეზე ჩართული იყვნენ გადაწყვეტილების მიღებაში. ფაქტობრივად, ვეტოს უფლება უნდა მისცე ესტონეთში რეგისტრირებულ „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, შენი პოლიტიკის განსაზღვრაში უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს უნდა მისცე ხელის ფათურის და ვეტოს უფლება. რატომ თვითონ არ ჰყავთ ჩართული ყველა ამ გადაწყვეტილებაში, რომელსაც იღებენ. ასე რომ, ეს არის კიდევ ერთხელ დასტური, რომ ე.წ. მოლაპარაკებების პროცესი, სინამდვილეში, არის დირექტივების შესრულების პროცესი, რაც გასაგებია, რომ რაღაც კრიტერიუმებს და რეგულაციებს მოარგო, თუმცა ბოლო პერიოდია, ვხედავთ, ცხადია, რომ არის გამოგონილი, თვითნებური კრიტერიუმების, დავალებების, დირექტივების მიცემა, რომლის უკანაც ვხედავთ სურვილს, დაამყარონ კონტროლი სუვერენულ ქვეყანაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0