
ევროკავშირმა შეცვალა არა თუ თამაშის წესები, თამაში შეცვალა და თქვა, თქვენ იქნებით ევროკავშირის არა თანაბარი ნაწილი, არამედ დისკრიმინირებული, დაქვემდებარებული ერი, რომლის ძირითად სასიცოცხლო საკითხებს ის განსაზღვრავს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი საქართველოში მყოფ სერბეთის პრეზიდენტთანაც განიხილა, რომელიც ასევე აღშფოთებულია.
„ყველა აღშფოთებულია. დარწმუნებული ვარ, სხვა კანდიდატი ქვეყნებიც არიან აღშფოთებული, რომ უცებ, შუა პროცესში, ევროკავშირმა შეცვალა არა თუ თამაშის წესები, თამაში შეცვალა და თქვა, თქვენ იქნებით ევროკავშირის არა თანაბარი ნაწილი, არამედ დისკრიმინირებული, დაქვემდებარებული ერი, რომლის ძირითად სასიცოცხლო საკითხებს ის განსაზღვრავს. კიდევ ერთხელ, რა თემებია, სადაც ამბობენ, რომ ახალ წევრებს ხმის უფლება უნდა შეუზღუდონ – უსაფრთხოების საკითხები, საგარეო პოლიტიკის საკითხები, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხები. ევროკავშირის ხელშეკრულებებს ისე შეცვლიან, რომ ახალ წევრებს, რომლებიც მეორე კლასის წევრებად იქნებიან განხილული, არც კი შეეკითხებიან. ამაზე ცხადად რა შეიძლება, დავინახოთ, გზა არის პირდაპირ საბჭოთა კავშირისკენ. ყველაზე დიდი ანტიევროპელები დღეს არიან ბრიუსელი და ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ევროკავშირის დღის წესრიგს განსაზღვრავს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ქართულ საზოგადოებას პირდაპირ ეუბნებიან, რომ ქართველებს ხედავენ მეორეხარისხოვან ერად.
„ევროკავშირის წევრი თუ ვიქნებით, ვიქნებით მეორეხარისხოვანი ერი. ამაზე დიდი სკანდალი რა შეიძლება, არსებობდეს. როგორი გატრუნული არიან რადიკალური ოპოზიციის წევრები. გამოვიდნენ, აბა, გაბედონ და გააკრიტიკონ ბრიუსელი, გვაინტერესებს, ვისი ინტერესებია მათთვის გადამწყვეტი. დაგვანახონ ევროკავშირის დროშის მოფრიალე ჯგუფებმა, რომლებიც პრეზიდენტის სასახლის შტურმზე მიდიოდნენ ევროკავშირის დროშით და ევროკავშირის დროშა ძალადობის სიმბოლად აქციეს, გაგვაგებინონ, ამ ქვეყნის ინტერესებით მოქმედებენ, თუ უცხო ჯგუფების ინტერესებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0