
ბრიუსელმა კურსი უნდა შეცვალოს, რომელსაც თავად ევროკავშირი კატასტროფისკენ მიჰყავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრის, ლევან ნიკოლეიშვილის ფეისბუქპოსტზე, სადაც ის წერს: „სულ ახლახან ევროპარლამენტარებმა მოულოდნელად დაასანქცირეს ირანის მაღალჩინოსნები, მათ შორის, დიდი ალბათობით, უკვე გარდაცვლილი პირებიც. საკითხი დეტალურად როდესაც განიხილეს და მათ ჰკითხეს, სად მდებარეობდა ირანი, აღმოჩნდა, რომ რუკაზე მისი იდენტიფიცირებაც კი ვერ შეძლეს. მსგავსი ფაქტი არა მხოლოდ კომპეტენციის სერიოზულ დეფიციტზე მიუთითებს, არამედ აჩენს ფუნდამენტურ ეჭვს მათი პროფესიული სანდოობისა და პასუხისმგებლობის მიმართ საერთაშორისო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში“.
პაპუაშვილის შეფასებით, „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რასთან გვაქვს საქმე“.
„ცოტა ხნის წინ ვთქვი, რომ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის ესთეტიკაშია გადაზრდილი მთლიანად ევროპარლამენტი და ესეც ამის დასტურია. რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი, სხვადასხვა საკითხს განიხილავენ და შინაარსში არც შედიან. რაც მთავარია, იმასაც არ ფიქრობენ, რომ შეიძლება, ღილაკზე ხელის დაჭერით ხალხების ბედი გადაწყვიტონ. ეს არის სწორედ ცივილიზაციური უფსკრული, საითაც ბრიუსელი მიაქანებს ევროკავშირს. ეს არის, როცა უპასუხისმგებლო და არაკვალიფიციური ადამიანების ხელშია არა მხოლოდ ევროკავშირის ბედი, არამედ სხვა ხალხების და ქვეყნების ბედი. იგივე ადამიანები და იგივე სახეები არიან, რომლებიც ანტიქართულ და მტრულ რეზოლუციებს ღილაკს აჭერენ ხელს ისე, რომ არც კი ერკვევიან შინაარსში. ხან მიხეილ სააკაშვილს აცხადებენ პოლიტპატიმრად, ხან რას გვაბრალებენ. მწარე გაკვეთილია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მივიღეთ, რომ, სამწუხაროდ, ევროკავშირი იმ ძალების ხელშია, რომელიც მას საბჭოთა კავშირად აქცევენ. ჩვენ განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე შევიტანეთ და არა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე. ჩვენი ძალისხმევაა მიმართული იქითკენ, რომ ევროკავშირი ევროპულ გზას არ აცდეს და წევრობის დრო როცა მოვა, ჩვენ იქ საბჭოთა კავშირი არ დაგვხვდეს, თავისი შინაარსით საბჭოთა მოსკოვი საბჭოთა ბრიუსელმა არ ჩაანაცვლოს. ბრიუსელმა კურსი უნდა შეცვალოს, რომელსაც თავად ევროკავშირი კატასტროფისკენ მიჰყავს. ეს ჩანს ეკონომიკასა და უსაფრთხოებაში. მშვიდობის პროექტად შექმნილი ორგანიზაცია ბირთვული იარაღით აღჭურვაზე საუბრობს, რომელ ქვეყანაში განთავსდეს. ხან პოლონეთს უნდა, ხან გერმანიას, რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეს. დღეს მშვიდობის პროექტი ბირთვულ შეიარაღებაზე საუბრობს, რაც აჩვენებს, რა გამოწვევების წინაშეა ევროკავშირი. ვიდრე ბრიუსელის მხრიდან ეს კურსი არ შეიცვლება, მანამდე საბჭოთა მომავლისკენ მიმავალ ორგანიზაციასთან საერთო ენის გამონახვა გაგვიჭირდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0