
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ძნელი დასაჯერებელია ეუთო/ოდირ-ის მხრიდან დასახელებული მიზეზი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად ჩამოსვლაზე უართან დაკავშირებით.
ამასთან, პაპუაშვილის თქმით, საელჩოები, რომლებიც ახლა არ ეხმაურებიან დამხობასთან დაკავშირებულ განცხადებებს, არჩევნების მეორე დღეს იტყვიან, რომ საარჩევნო პროცესი ინკლუზიური არ იყო.
„ესეც ერთ-ერთი მაგალითია იმ ფარისევლობის, რასაც, სამწუხაროდ, გარედან ვხედავთ. ვნახეთ წერილი, ესეც დოკუმენტია, თარიღებს ვერ გაექცევიან. საუბარია, რომ დრო არ ჰქონდათ. ჩვენ საარჩევნო კამპანიის ჩატარებისთვის დრო გვაქვს ერთი თვე, სექტემბერია, როცა საარჩევნო კამპანიას ვეწევით. ასეთი რა გახდა რამდენიმე ადამიანის შეკრება და საქართველოში ჩამოყვანა? ძნელი დასაჯერებელია, რომ მათ მიერ დასახელებული მიზეზი რეალურია. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთი თვით ადრე მიიღეს მოსაწვევი და ჩამოვიდნენ. თეთრი ძაფით ნაკერია ის საბაბები, რაც ახლა მათგან გვესმის. ეს ერთ-ერთი მაგალითია, რაც ქართულმა საზოგადოებამ უნდა დაიმახსოვროს. ვინც წუწუნებს, რომ დააკვირდა 2024 წლის არჩევნებს, რა ხეირი? შავით-თეთრზე დაწერილი დადო. ვისაც დაწერილი არ გესმით, მისიის ხელმძღვანელმა ზეპირად ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს არჩეული ხელისუფლება ჰყავს, არჩევნები ჩატარდაო. ოპოზიციას შარშან, სექტემბერში პრეტენზია არ ჰქონია, რამდენიმე დღეში მოიფიქრეს მიზეზი – ხან გაჟონვა ახსენეს, ხან პირადობის მოწმობების ორჯერ გატარება, ხან 300 ზეციური ქართველი გამოაჩინეს და ა.შ. მათი პრეტენზია მიმართული იყო არჩევნების დღეზე. არჩევნების დღეს დაკვირვებოდნენ, რა პრობლემა იყო? პრობლემა იყო ის, რომ რომ დააკვირდებოდნენ, მიზეზს ვერ ნახავდნენ, ხმა არ ექნებოდათ ამოსაღები, დასკვნა დადებითი იქნებოდა და ეს შეაფერხეს. არჩევნები ჩაივლის და საელჩოები, რომლებიც სდუმან, 4 ოქტომბერს ქვეყნის დამხობას და ზოგიერთი კალაშნიკოვით სირბილს რომ აპირებს, ამაზე ხმას რომ არ იღებენ, არჩევნების მეორე დღეს გამოდგებიან და დაიწყებენ, არჩევნები ინკლუზიური არ იყო და ა.შ. ეუთო/ოდირი იმიტომ გაიყვანეს, რომ იგივე დასკვნა იქნებოდა და ისევ უნდა ეთქვათ, დასკვნა ფარატინა ქაღალდი არისო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0