
ჩვენ დღეს გვყავს თაობა, რომელიც დაბადებულიც არ იყო, როდესაც 2008 წელს ბუქარესტის სამიტში ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ამასობაში გაიზარდა მთელი თაობა, სკოლას ამთავრებენ ისე, რომ სიტყვა ითქვა და საქმე არ გაკეთებულა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ნატოს სამეკავშირეო ოფისი განცხადების კომენტირებისას.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ აჩვენა ყველაფერი, რაც კი შეეძლო სანდო პარტნიორს ეჩვენებინა ნატო-სთვის. მაშინ, როდესაც ნატო-ს წევრი ქვეყნები ემალებოდნენ ავღანეთის მისიას, საქართველო წარმოდგენილი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტინგენტით ავღანეთში. რაოდენობით ვიყავით მესამე-მეოთხე ქვეყანა ნატო-ს ქვეყნებთან შედარებით. 1000-1500 ჯარისკაცით ვიყავით წარმოდგენილი მაშინ, როდესაც ბალტიის ქვეყნები 30-40 ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი, ისიც შტაბში.
ჩვენი მხრიდან რაც შეიძლება გაკეთებულიყო იმისთვის, რომ გვეჩვენებინა როგორც ჩვენი სანდო პარტნიორობა, ასევე გვეჩვენებინა საქართველოს მნიშვნელობა ნატო-სთვის და ასევე გვეჩვენებინა ნატო-ს მნიშვნელობა საქართველოსთვის. ეს ყველაფერი ვაჩვენეთ, თუმცა საპასუხოდ ვხვდებით მხოლოდ სიტყვებს და ამგვარ განცხადებებს, რომელიც გავრცელდა ნატო-ს ადგილობრივი ოფისის მხრიდან.
ამ განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოებას ვერავინ დაიცავ და ეს ჩვენ ვნახეთ უკრაინის მაგალითზე, რომლის მიმართაც ბევრი განცხადება კეთდება, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგება, ყველა ხვდება, რომ ნატო-ს ატომური ქოლგა არის ყველაზე ქმედითი დაცვა და არა განცხადებები ნატო-ს ოფისების მხრიდან“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის განცხადება. გავრცელებულ ტექსტში ნათქვამია, რომ "ნატო" მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის და შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებებს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.
0
0