
არ იქნება სათანადო მიწვევა, არ იქნება ჩვენი მონაწილეობა ასეთ შეხვედრებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
პაპუაშვილს ჟურნალისტმა ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხა, რომელმაც აღნიშნა, რომ „გაფართოების ფორუმზე საქართველო მოწვეული არ არის. რაც შეეხება მინისტერიალს დაკავშირებადობის საკითხებზე, საქართველოს ხელისუფლება მოწვეულია, თუმცა უფრო დაბალ დონეზე“.
პაპუაშვილის თქმით, ეს ნათქვამი ნიშნავს დაბალი დონის გადაწყვეტილებას და კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროკავშირის ბიუროკრატიის უმწიფრობას.
„სასაცილოა უბრალოდ, როდესაც საუბრობენ შუა დერეფანზე, საქართველოს უნდა გადააფრინდნენ, უნდა გადაახტნენ თუ რა უნდა გააკეთონ? მე ვერ წარმომიდგენია. ეს არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა, რასაც ჩადის ბრიუსელი, ქართველი ხალხის სუვერენიტეტის უპატივცემულობა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის უპატივცემულობა. ასე გვეპყრობოდა ჩვენ მოსკოვი. ახლა საბჭოთა მოსკოვის ნაბიჯებს იმეორებს ბრიუსელი. ასეთი აგდებული დამოკიდებულება აჩვენებს, საბოლოო ჯამში, რომ თავის თავს აიგივებენ საბჭოთა მოსკოვთან. ასე რომ, ნუღა ეწყინებათ ამის შემდეგ ეს შედარება. თავის თავს აიგივებენ საბჭოთა მოსკოვთან ასე ზემოდან ყურებით და ქედმაღლური დამოკიდებულებით ქართველი ხალხის მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0