
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები გამორჩეულად წარმატებულია და ხანგრძლივ თანამშრომლობას, მეგობრობას ეფუძნება.
„ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მიერ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერას. დადებითად შეფასდა ორმხრივი ვიზიტების დინამიკა. საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მესამედ სტუმრობს პარლამენტს, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა პირველი ოფიციალური ვიზიტები აზერბაიჯანში განახორციელეს, რაც ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებულ მეგობრობას ადასტურებს. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები. შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა ნაყოფიერ საპარლამენტო კავშირებზე. აღინიშნა შუა დერეფნის მზარდი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მნიშვნელობა, სტრატეგიული სატრანსპორტო-ენერგეტიკული პროექტების დიდი პოტენციალი. შეხვედრაზე განიხილეს სამხრეთ კავკასიასა და ფართო რეგიონში მიმდინარე მოვლენები. საუბარი შეეხო სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს და ხაზი გაესვა რეგიონული მშვიდობის მნიშვნელობას“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის წევრებმა, აზერბაიჯანთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებმა: ირაკლი ქადაგიშვილმა, სავალან მირზოევმა და ზაურ დარგალმა.
0
0