
ჩახუნაშვილი ჩვენთან რომ მედიცინის მუშაკად ფიგურირებს, თურმე ესტონელი ენჯეოშნიკი ყოფილა. კითხვა მაქვს, რაში სჭირდება BBC-ის ყალბი და ცილისმწამებელი რეპორტაჟის ერთ-ერთ მოწმეს ესტონეთში „ენჯეო“? საიდანმე თანხები მიედინება? აგვიხსნას, შემთხვევით უცხოეთიდან ფინანსებს ხომ არ იღებს, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ ცილისწამებისთვის?, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, პაპუაშვილის თქმით, „ევროკომისიამ მხარი დაუჭირა ბენზინის გადასხმას და ნეპალის სცენარს, სოლიდარობა გამოუცხადეს ბრიუსელიდან“.
„4 ოქტომბერს ყველაფერი ჩვენ თვალწინ იყო. ვერ ხედავდით, რომ ნეპალს გვიანონსებდნენ? ბენზინის გადასხმას რომ გვიანონსებდნენ? ნეპალი, ნეპალიო, „ნაცმოძრაობა“ ამ ყველაფერს ყოველ დღე იმეორებდა. ბენზინის ძახილის შემდეგ, ევროკომისიის პრესსპიკერს ჰკითხეს, აქციაზე რას იტყოდა და თქვა, სოლიდარული ვართო. როცა პრესსპიკერი ამას ამბობს, ეს ევროკომისიის პოზიციაა, მხარი დაუჭირა ბენზინის გადასხმას და ნეპალის სცენარს. გამოვიდნენ და თქვეს, მორჩა, ხელისუფლება ჩვენია და რამდენიმე თანამდებობის პირი უნდა დავაკავოთო, ჩემი ჩათვლით და ეს ბრძანება პაატა ბურჭულაძემ გასცა. ეს ყველაფერი ხომ გახსოვთ? ამის შემდეგ რომ მოუწოდეს, წავიდეთ, პრეზიდენტის სასახლის გასაღები ჩავიბაროთო, რას ფიქრობთ, გასაღები გასამრავლებლად უნდა წაეღოთ? იქ რომ რამდენიმე ათასი ადამიანი იყო და უთხრეს, გასაღები უნდა ჩავიბაროთო, ისინი რას იზამდნენ? გასაღებს ჩაიბარებდნენ და მიღება-ჩაბარების აქტს მიაწვდის, რომ ხელი მოგვიწერეთო? ეს არის ის, რომ წააქეზეს, თვალი დაუხუჭეს და სოლიდარობა გამოუცხადეს ბრიუსელიდან. ახლა ცდილობენ, კამპანია ააგორონ ხელისუფლების დამხობის მცდელობის დაკნინების შესახებ, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების, სამი გოჭის ხუხულაში რომ არიან დარეგისტრირებული ყალბი ანგარიშების შედგენით.
მედიცინის ამ მუშაკზე ვერაფერს გეტყვით. ეს ადამიანი გადასული იყო და ამბობს, სამედიცინო დახმარებას ვუწევდიო. საკუთარ თავს პატივს არ სცემს, გავიგე, მაგრამ ქართველი ხალხი შტერი რომ ვგონივართ, უნდა დავიჯეროთ, რომ იქ სამედიცინო ჩანთით დარბოდა და ხელოვნურ სუნთქვას ატარებდა, მართლა შტერები ხომ არ ვართ? ყველაფერი დაფიქსირებულია რამდენიმე ტელევიზიის კამერაზე. ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტი პაატა ბურჭულაძეს ხელით ეხმარება ღობეზე გადასვლაში, ეს კადრები ხომ კარგად გახსოვთ, ხელი როგორ შეაშველა. თქვენი თვალით ნახეთ, საქართველოს პრეზიდენტის ტერიტორიაზე როგორ შეიჭრნენ. ახლა სითამამე ეყოთ და პასუხი აგონ. ხელისუფლების დამხობა და რევოლუცია უნდოდათ? რომ გაემარჯვათ, ერთმანეთს დაასწრებდნენ, ვინ იყო, ვინ რა გააკეთა და ვის რა წვლილი ჰქონდა. დამარცხდნენ საქართველოს წინააღმდეგ ღალატში და ახლა ერთმანეთს ასწრებენ, რომ თქვან, რა შუაში ვარ, იქ შემთხვევით აღმოჩნდი, მეგონა, სახელმწიფო დაცვა გასაღებს გამომაწვდიდა, მეტი არაფერ მინდოდა, სამედიცინო დახმარებას ვუწევდი, ასპირინი მივაწოდეო – ამ დონეზე არიან დასული და სამარცხვინოა, რომ ბრიუსელი ასეთ ადამიანებს ეყრდნობა საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0