
ჩვენ 2008 წელს გვყავდა მარიონეტული რეჟიმი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის სახით. რა თქმა უნდა, მარიონეტული რეჟიმი სრულად მოქმედებდა, რათა მომსახურებოდა სხვების ინტერესებს და ემოქმედა არა საქართველოს ინტერესებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, 2008 წელს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო არა „ნაცმოძრაობის“ მარიონეტული რეჟიმი, არამედ „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება, ომი არ იქნებოდა.
„ჩვენ 2008 წელს გვყავდა მარიონეტული რეჟიმი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის სახით. რა თქმა უნდა, მარიონეტული რეჟიმი სრულად მოქმედებდა, რათა მომსახურებოდა სხვების ინტერესებს და ემოქმედა არა საქართველოს ინტერესებით. ამის შედეგი არის აგვისტოს ომი, ამის შედეგია შემდეგ გადაწყვეტილებების მიღება, როდესაც ერთი მხრივ, საუბრობდნენ ოკუპაციაზე და მეორე მხრივ, მხარს უჭერდნენ რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. როგორ დაკვეთასაც იღებდნენ, რა ინტერესსაც უნდა მომსახურებოდნენ, ასე იქცეოდნენ. ეს არის სხვაობა მარიონეტულ რეჟიმსა და პატრიოტულ რეჟიმს შორის. სინამდვილეში კითხვა არის არა იმაზე, როდის დაიწყო, ვინ დაიწყო ომი, არამედ მთავარი კითხვაა, რომლისგანაც „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი რეჟიმი ცდილობს, გაექცეს, არის „რატომ დაიწყო ომი“. ამ კითხვაზე პასუხი არსებობს, პასუხი 2022 წელს არის გაცემული, როდესაც ომი არ დაიწყო. ეს არის ზუსტად პასუხი. 2022 წელსაც ზუსტად ასევე ერთ დღეში შეიძლებოდა დაწყებულიყო ომი. სწორედ ამიტომ, ნებისმიერ მომენტში რომ არსებობს ამის საფრთხე, სახელმწიფო და ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს ეროვნული ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მომსახურებით.
2008 წელს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო არა „ნაცმოძრაობის“ მარიონეტული რეჟიმი, არამედ „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება, ომი არ იქნებოდა. არ იქნებოდა 400-ზე მეტი დაღუპული, 1 700-ზე მეტი დაჭრილი, არ იქნებოდა 125 დასახლებული პუნქტი, რომელზეც დავკარგეთ კონტროლი. კითხვა, რომელსაც გაურბის ნაცმოძრაობა, მათი მფარველები, რატომ დაიწყო ომი 2008 წელს და რატომ არ დაიწყო 2022 წელს ომი საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
0
0