რეფერენდუმთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადება საზოგადოების შეურაცხყოფაა - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე, რომელმაც საგარეო კურსთან დაკავშირებით, საზოგადოებას რეფერენდუმი შესთავაზა.
"ის დიდი ხანია არ ახმოვანებს არც ჩვენს კონსტიტუციას, არც ჩვენი ხალხის ნება-სურვილს, უსამშობლოთა და გლობალური ომის პარტიიდან რა დაკვეთაც მოვა, იმის შემსრულებელი და გამხმოვანებელია პრეზიდენტი. სერიოზულად ნუ მიიღებთ იმ სიგიჟეებს, რასაც ზოგჯერ ამბობს ხოლმე.
მთავარი რა არის, რომ ყველა არჩევნებს ეს უსამშობლოები არქმევენ რეფერენდუმს და ამ რეფერენდუმზე ყოველთვის აგებს. რაც უნდათ ის დაარქვან. რეფერენდუმი უნდათ? მერამდენედ მიიღებენ რეფერენდუმს და ქართველი ყოველთვის ბრძნულ არჩევანს გააკეთებს
ხალხი ყოველთვის ირჩევს იმ ძალას, რომელიც არის მშვიდობის გარანტი, რომელიც არის ქართული ეკლესიის მხარეს, მართლმადიდებლობის მხარეს, რომელიც არის ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მხარეს.
კონსტიტუციიდან გასულია, მადამ პრეზიდენტს არეული აქვს მისი კომპეტენცია, მოვალეობა და რა ჩარჩოებში უნდა იმოქმედოს, გასულია მომსახურეობიდან. იცის, რომ ვადა გასდის და უნდა, რომ ამ უსამშობლოების გაერთიანებაში ლიდერის ფუნქცია იტვირთოს და ეს რამდენად გამოსდის არ ვიცი.
ჯერ ახალგაზრდებს მიმართა შეაგროვეთო ხელმოწერები და მომიტანეთო. გუშინ შემოუთვალეს, მოგიტანეთ კი არა აქეთ მობრძანდითო, არ მოვიდა. ახლა დავაკვირდეთ ამ სიგიჟეებს,“ - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.
საპარლამენტო უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილს ახსენებს, რომ ქვეყნის ევროპული კურსი კონსტიტუციაშია გაწერილი, რეფერენდუმის დანიშვნას კი პრემიერის თანხმობა სჭირდება.
"სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა რეფერენდუმთან დაკავშირებით ნიშნავს შემდეგს, ის საერთაშორისო საზოგადოებას ეუბნება, რომ მე უნდა გადავამოწმოო ქართველი ხალხი ევროკავშირის მომხრეა და ევროპისკენ მიდის თუ რუსეთის მომხრეა და რუსეთისკენ მიდის. ეს შეკითხვა, რაც დაისვა, თავისთავად შეურაცხმყოფელია საზოგადოებისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ და ხალხმა უკვე ჩავწერეთ კონსტიტუციაში, რომ ჩვენი ქვეყნის არჩევანი არის ევროპული და ევროატლანტიკური.
ძალიან საინტერესო იქნება დღის ბოლომდე ოპოზიციური პარტიების პასუხი და რეაქცია ამ ინიციატივაზე. ფრონტის ლიდერად რომ გამოაცხადეს და ქარტიას რომ მიუერთდნენ, მაშინ უკვე ცხადი იყო ყველაფერი და ისინიც არიან ამ კითხვის და რეფერენდუმის ინიციატივის თანამონაწილე უკვე და შეუძლიათ საერთოდ არჩევნებში ერთ-ერთ მთავარ საკითხად წარადგინონ, რომ ლუსტრაცია მოხდეს ეს რადიკალური ოპოზიცია სად დგას. ჩვენ ვიცით, რომ ისინი ევროპისკენ და საქართველოს ევროპული მომავლისკენ არ დგანან,“ - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკავაძე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რეფერენდუმთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარები გაკეთდება.
„რაც შეეხება რეფერენდუმს, ამაზე დაწვრილებით კიდევ გაკეთდება კომენტარები პრეზიდენტის და ადმინისტრაციის მხრიდან,“ - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა მოქალაქეებს რეფერენდუმის ჩასატარებლად ხელმოწერების შეგროვება შესთავაზა. პრეზიდენტმა ამ ახალი ინიციატივის შესახებ გუშინ, აქციაზე ჩართვის დროს განაცხადა და თქვა, რომ რეფერენდუმი შეეხება მოქალაქეების სურვილს, როგორი მომავალი სურთ მათ - ევროპული თუ რუსული.
0
0