თურქეთში იმყოფება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელიც ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. რუსული მედიის ცნობით, ლავროვის თვითმფრინავი ანტალიის აეროპორტში რამდენიმე საათის წინ დაეშვა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ღონისძიების ფარგლებში ლავროვი მოლაპარაკებებს გამართავს თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდანთან.
„მოსალოდნელია, რომ მინისტრები განიხილავენ საკითხთა ფართო სპექტრს, პირველ რიგში კი, თანამშრომლობის პერსპექტივებს ორმხრივი ინტერესების სფეროებში, როგორებიცაა: ვაჭრობა, ენერგეტიკა, უსაფრთხოება, საბანკო საქმე და ტურიზმი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამას გარდა, ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია სერგეი ლავროვის შეხვედრები აზერბაიჯანის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
0
0