სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება მისი პოლიტიკის მოწინააღმდეგეებისა და საერთაშორისო ნარკოკლანების მიერ. ამის შესახებ სერბეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ვულინმა რია ნოვოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ვუჩიჩს დევნიან ისინი, ვისაც სურს სერბეთმა შეწყვიტოს სამხედრო ნეიტრალიტეტი. ასევე, ამჟამინდელი პრეზიდენტის ოპონენტებს სურთ, სერბეთმა სანქციები დააწესოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, აღიაროს კოსოვოს დამოუკიდებლობა და მიატოვოს სერბეთის რესპუბლიკა ბოსნია და ჰერცეგოვინაში. მანვე აღნიშნა, რომ ამავდროულად, ვუჩიჩზე ნადირობენ გაქცეული ნარკოკლანების წევრები, რომლებიც სერბეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.
ვულინმა დასძინა, რომ დიდი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები არასდროს წარმოიქმნება ძლიერი სადაზვერვო სამსახურების მხარდაჭერის გარეშე და ამიტომ სერბეთის სახელმწიფოს მეთაურის უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას მოითხოვს.
მანამდე ვულინმა თქვა, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ, ვუჩიჩი შეიძლება იყოს შემდეგი.
0
0