
მისმა უწმინდესობამ, სერბეთის პატრიარქმა პორფირემ სრულიად საქართველოს პატრიარქ შიოს, მისალოცი ეპისტოლე გაუგზავნა.
"როგორც ამ ისტორიული ჟამის თანამონაწილენი, აღმდგარი ქრისტეს დაუღამებელი ნათლით განათლებულნი და სააღდგომო შეძახილის სიხარულით ღვთიური სიყვარულის საიდუმლოს თანაზიარნი, ვხარობთ, რომ დღეს ამ საყოველთაო ზეიმს შეუერთდა ხმა, რომელმაც გაახარა წმინდა საბას ეკლესია და მთელი მართლმადიდებლური სამყარო - საქართველოს დობილმა ეკლესიამ, თქვენი ღვთისმოყვარე პიროვნების სახით, ჰპოვა თავისი მწყემსმთავარი და წინამძღოლი.
მტკიცედ გვწამს, რომ თქვენი გამორჩევა საქართველოს პატრიარქთა წმინდა და უძველეს საყდარზე არის ღვთის კეთილი ნების გამოხატულება, რითაც წმინდა მოციქულთასწორი ნინოს ქრისტესმიერმა სამწყსომ შეიძინა სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მოძღვარი. დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენი მსახურება იქნება ცოცხალი დასტური იმისა, რომ "რამეთუ არა მომცა ჩუენ ღმერთმან სული მოშიშებისაჲ, არამედ ძლიერებისაჲ და სიყუარულისა და სიწმიდისაჲ". (II ტიმ. 1:7). ამით თქვენ წარმოჩნდებით ნეტარხსენებული პატრიარქი ილიასა და იმ სულიერი გიგანტების ღირსეულ მემკვიდრედ, რომლებიც საუკუნეთა ქარტეხილებში ღვთივსაბრძნობით წარმართავდნენ საქართველოს საპატრიარქოს ხომალდს.
პირადად ჩემი და წმინდა საბას ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მორწმუნე ერის სახელით, გულითადად გილოცავთ ღვთის სიყვარულის ამ დიდ ნიჭს. ლოცვით გისურვებთ, რომ თქვენი საპატრიარქო მსახურება წარიმართოს უფლის სადიდებლად, თქვენი ადგილობრივი ეკლესიის საკეთილდღეოდ და ქრისტეს ეკლესიის სისავსის აღსაშენებლად“.- წერს სერბეთის პატრიარქი.
0
0