
სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ივიცა დაჩიჩის განცხადებით, მდინარე დრინას გადაკვეთის მცდელობისას ნავის გადატრიალების შედეგად, სულ მცირე, 10 მიგრანტი, მათ შორის, დედა და მისი გოგონა, დაიხრჩო. მიგრანტთა უმრავლესობა მაროკოელები არიან.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 9 თვის ბავშვის ცხედარი დედასთან ერთად მდინარიდან ამოიღეს. ჯერჯერობით, 10 დამხრჩვალი მიგრანტი ვიპოვეთ. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა დაუდგენელია. სამძებრო სამუშაოები ხვალ დილით ადრე გაგრძელდება," - თქვა დაჩიჩმა.
ხელისუფლების განცხადებით, სულ მცირე, 18 სხვა მიგრანტი, მათ შორის 3 ბავშვი, მოსაზღვრე ბოსნიის მხარეში უსაფრთხოდ ჩავიდა. ჯერჯერობით, გაურკვეველია რამდენი ადამიანია დაკარგული. სამძებრო სამუშაოები უამინდობის გამო შეჩერებულია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოსნიის სასაზღვრო პოლიცია კონტრაბანდისტს ეძებს, რომელმაც მიგრანტები მდინარეზე გადაიყვანა.
0
0