
სენატორმა რიშმა თქვა, რომ ამ არჩევნების შემდეგ, ვიგინდარები გაიყრებიან ქართული სივრციდან და პოლიტიკიდან, მგონი, ეს მართალია. ჩვენი დაპირებაც ეს არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„რიშის ტერმინით რომ ვთქვათ, ამ არჩევნების შემდეგ უნდა აიკრძალოს ყველა ვიგინდარა ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ეკა გიგაურის გამოსვლას კონგრესში სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა უწოდა და აღნიშნა, რომ ასეთი აქტები მიზნად ისახავს არჩევნებზე გავლენის მოხდენას.
მისი თქმით, შეფასებები და ტერმინები რომლებსაც კონგრესში „ქართული ოცნების მიმართებით იყენებენ, თავად ტერმინების ავტორებისთვის არის უხერხული, რადგან აჩვენებს უკულტურობის დონეს კონგრესში.
„ეს ტერმინები არის უსიამოვნო თავად ამ ტერმინების ავტორებისთვის. არ შეიძლება უკულტურობის ასეთ დონე და ხარისხი აჩვენონ ადამიანებმა ამერიკის კონგრესში. ამერიკის კონგრესი იყო ის ინსტიტუცია წლების განმავლობაში ჩვენთვის, რომელიც სამაგალითო იყო და დღეს ამ ინსტიტუტში, ჯერ კიდევ ძალიან ღირებულ ინსტიტუტში, ჩვენ ვხედავთ კულტურის ხარისხის ასეთი მასშტაბით შემცირებას, რაც ძალიან შემაშფოთებელია და პირადად ჩემთვის არის ძალიან გულსატკენი. რაც შეეხება სენატორ რიშს, ის იყო ჩამოსული 2012 წელს „ნაცმოძრაობის“ მხარდასაჭერად, ის ყოველთვის იყო „ნაცმოძრაობის“ გულმხურვალე მხარდამჭერი, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილმა მას და მის მეგობრებს შანსი არ დაუტოვა 2012 წელს და მათ, ისევე როგორც მათ მეგობარ სააკაშვილს, მოუწიათ არჩევნების შედეგების აღიარება,“ - განაცხადა კობახიძემ.
0
0