
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარეს, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეს და სენატის დაზვერვის კომიტეტის წევრს, სენატორ როჯერ უიკერს შეხვდნენ.
როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრის მთავარ თემა იყო „მეგობარი აქტის“ მომდევნო ნაბიჯები მას შემდეგ, რაც კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში ორპარტიულად დამტკიცდა.
„„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, სენატს მოუწოდეს, სწრაფად იმოქმედოს კანონის საბოლოო მიღების მიზნით და გაამყაროს აშშ-ის მხარდაჭერა ქართული დემოკრატიის მიმართ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შეხევდრაზე განსახილველ თემებს შორის ასევე იყო საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დროებითი შეჩერება.
„მხარეებმა საერთო პოზიცია დააფიქსირეს, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობა სრულად აღდგება, როგორც კი საქართველოში დემოკრატია იქნება აღდგენილი.
განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი საერთაშორისო საფრთხეებზე, რომელიც სახელმწიფო რესურსებს უცხოეთში ლობისტების დასაქირავებლად იყენებს, მისი მიზანია, გავლენის მოპოვება უცხო ქვეყნებში, რაც მის იზოლაციასა და სისუსტეს ნათლად უსვამს ხაზს.
შეხვედრის დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სენატორ უიკერსს მოუწოდეს, ეწვიოს საქართველოს, რათა ადგილზე დააფიქსიროს მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი, რომელიც დღემდე ავტორიტარიზმის წინააღმდეგ იბრძვის.
„შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველო სარგებლობს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით აშშ-ში, ჩვენ მზად ვართ, დავაბრუნოთ დემოკრატია და ავაშენოთ ძლიერ ღირებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობა“, – განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ.
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ვიზიტი კაპიტოლიუმის შეხვედრებითა და მაღალი დონის შეხვედრებით ვაშინგტონის კვლევით ცენტრებშიგრძელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
0
0