
სემეკ-მა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინა.
საქმე ეხება 24 ივლისს მომხდარ სისტემურ ავარიასთან დაკავშირებით საკითხის შესწავლის პირველად შედეგებს.
სემეკის 24 ივლისის სასისტემო ავარიის შემსწავლელი ჯგუფის წარმომადგენელმა თორნიკე აფრიაშვილმა წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის მარეგულირებელი კომპანიის სხდომაზე განაცხადა, რომ 24 ივლისს საქართველოს ენერგოსისტემის გამოყოფა მოხდა აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან და საქართველოს ენერგოსისტემა იზოლირებულ რეჟიმში დარჩა, რა დროსაც დაიწყო სიხშირისა და ძაბვის ვარდნა, მაჩვენებლებმა კი მიაღწიეს ნიშნულს, რის შედეგადაც, ენერგოსისტემაში კასკადური გამორთვები დაიწყო, როგორც ელექტროსადგურების, ისე მომხმარებლის ნაწილში.
სემეკ-ის სამუშაო ჯგუფში აცხადებენ, რომ საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა არ უნდა დალოდებოდა ელექტროგადამცემ ხაზებზე სრულფასოვნად სწრაფმოქმედი დაცვების მოწყობას და უნდა განეხორციელებინა არსებული რელეური დაცვის და ავტომატიკის გადაანგარიშება, რათა მინიმუმამდე დაეყვანა თუნდაც აზერბაიჯანთან გამყოფი ავტომატიკის ამოქმედების ალბათობა და ემოქმედა საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის და მდგრადობის უზრუნველყოფის ინტერესების შესრულებისთვის.
„2026 წლის 24 ივლისს საქართველოს ენერგოსისტემა პარალელურ რეჟიმში მუშაობდა აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან 330 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მეშვეობით. დაახლოებით 00:10:49 საათზე მოხდა საქართველოს ენერგოსისტემის გამოყოფა აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან და საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებულ რეჟიმში, რა დროსაც დაიწყო სიხშირისა და ძაბვის ვარდნა. აღნიშნულმა მაჩვენებლებმა მიაღწიეს იმ მნიშვნელობებს, რომელი მნიშვნელობების შედეგადაც ენერგოსისტემაში დაიწყო კასკადური გამორთვები როგორც ელექტროსადგურების, ისე მომხმარებლის. შედეგად კი მოხდა ენერგოსისტემის სრული ჩაქრობა.
აღნიშნული ფაქტის განმაპირობებელი ერთ-ერთი გარემოება, დღეის მდგომარეობით და სსეს-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გახდა ქვესადგურ „ქუთაისი 220“-დან გამომავალი 110 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „გეგუთი“, რომელიც წარმოადგენს სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებას.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა არ უნდა დალოდებოდა ელექტროგადამცემ ხაზებზე სრულფასოვნად სწრაფმოქმედი დაცვების მოწყობას და უნდა განეხორციელებინა არსებული რეალური დაცვის და ავტომატიკის გადაანგარიშება, რათა მინიმუმამდე დაეყვანა თუნდაც აზერბაიჯანთან გამყოფი ავტომატიკის ამოქმედების ალბათობა და ემოქმედა საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის და მდგრადობის უზრუნველყოფის ინტერესების შესრულებისთვის. მოცემული საკითხი საჭიროებს ორი მიმართულებით კვლევას. პირველი - გახლავთ კავშირის გაწყვეტა აზერბაიჯანთან და მეორე საკითხი - საქართველოს ენერგოსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობის უნარიანობის ნაწილში“, - განაცხადა თორნიკე აფრიაშვილმა.
1
0