
როგორც ცნობილია, 2022 წლის დეკემბერში, კანადელ მეგავარსკვლავ სელინ დიონს ექიმებმა უიშვიათესი ნერვული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, 56 წლის სელინ დიონმა დაგეგმილი მსოფლიო ტურნე გააუქმა და მას შემდეგ იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში.
„ჩემი ნაკლებად ცნობილი დაავადების სამედიცინო სახელწოდებაა რიგიდული პერსონის სინდრომი - ნევროლოგიური მდგომარეობა, რომელიც კუნთების სპაზმს იწვევს. წლების განმავლობაში, ექიმები დიაგნოზს ვერ მისვამდნენ. როგორც შემსრულებელმა, აუტანელი დისკომფორტი ვიგრძენი, როდესაც ერთ-ერთი ტურნეს დროს ხმაში ცვლილებები შევამჩნიე. ხმის ამოღება გამიჭირდა. აუცილებლად რაიმე უნდა მომეხერხებინა, რომ სცენაზე ისევ ვმდგარიყავი. მსმენელი ვერასოდეს გაიგებდა, რა ბრძოლას ვაწყდებოდი ხოლმე კულისებში. თუმცა იმ დროს შეუძლებელი იყო, რომ დამესვენა. თავდაპირველად, ვერ ვაცნობიერებდი, რომ ეს ტურნეებით გამოწვეული დაღლილობა არ იყო - სპაზმური სიმპტომები მუდმივი აღმოჩნდა.
რიგიდული პერსონის სინდრომი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც შეიძლება სასიკვდილო იყოს და არც ცნობილია, რომ ის განკურნებადია. თუმცა, მას შემდეგ, რაც სწორად დამისვეს დიაგნოზი, ახლა ბევრად მეტი ვიცი იმ მდგომარეობის შესახებ, რომლის მართვაც შესაძლებელია. ამ პერიოდის განმავლობაში, მედიკამენტებთან და ფიზიოთერაპიასთან ადაპტაციას ვსაწვლობდი ისეთი ექსპერტების დახმარებით, როგორიცაა დოქტორი ამანდა პაიკი. ავადმყოფობასთან ბრძოლის შესახებ ჩემი საჯარო განცხადებების მიზანი სხვების დახმარებაცაა,“ - აღნიშნა მომღერალმა.
ამანდა პაიკის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სელინი ამ მდგომარეობით სიცოცხლის ბოლომდე იცხოვრებს, თერაპია, რომელსაც ის კუნთების სპაზმების შესამცირებლად იტარებს, დაეხმარება მას, რომ კვლავ იმღეროს სცენაზე.
"ხმას დავიბრუნებ. ხმის აღდგენის ნიშნები უკვე ცოტა ხნის წინ დაიწყო. ახლა საბოლოოდ ვხედავ სცენაზე დაბრუნების გზას... ახალი შოუსთვის ვემზადები, რომელიც ლას-ვეგასში გაიმართება. ამ შოუსთვის ძალიან ბევრს ვმუშაობდით. საშინლად მომენატრა სიმღერის შესრულება. არ ვიცი, ზუსტად როდის, მაგრამ სცენაზე აუცილებლად მიხილავთ,“ - თქვა სელინ დიონმა.
სელინ დიონის თაყვანისმცემლებს, ახალ დოკუმენტურ ფილმში, სახელწოდებით „მე ვარ: სელინ დიონი“, შეეძლებათ ნახონ, თუ როგორ იმოქმედა მომღერლის ცხოვრებაზე ჯანმრთელობისთვის ბრძოლამ.
0
0